07:11 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
ეკა ბესელია

ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (89)
18810

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას კიდევ ერთი დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც აპირებს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გასულ კვირაში დატოვა, პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ განაცხადა.

ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს>>>

მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ბესელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ და ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდა.

ბესელიასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2018 წლის ბოლოს დაიძაბა. დეპუტატმა დეკემბრის ბოლოს ყველასათვის მოულოდნელად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ მისთვის მიუღებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია.

ეკა ბესელია ირგვლივ იმ ადამიანების შემოკრებას გეგმავს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს.

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.

ეკა ბესელიამ დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ მმართველი გუნდის დატოვებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ფოფხაძის გადაწყვეტილება იყო ყველაზე დროული იმ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა. მისი განმარტებით, გედევან ფოფხაძის გარდა საპარლამენტო უმრავლესობა, შესაძლოა, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეარსულა>>>

ეკა ბესელიას თქმით, დაიშლება საპარლამენტო უმცირესობაც მას შემდეგ, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება.

„უმცირესობა დაიშლება, როგორც კი ერთი დეპუტატი გამოვა უმრავლესობიდან. ის შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის, რადგან რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა სამმა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას კიდევ ერთი დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც აპირებს.

ეკა ბესელია გედევან ფოფხაძესთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად იყო ავტორი პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტისა, რომელიც მათ პარლამენტში 11 თებერვალს წარადგინეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დეპუტატების ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ. ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა, მას შემდეგ, რაც ეს შესწორებები ჩავარდა, განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტიას.

რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან დეპუტატებს საპენსიო რეფორმის საკუთარი ვერსია წარუდგინა და პირობა დადო, რომ თუ მმართველი პარტიის დეპუტატები მას მხარს არ დაუჭერდნენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა. ასეც მოხდა: კანონპროექტი ჩავარდა, ხოლო ნაცვლიშვილმა წასვლის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაუჭიროს შესწორებებს, იმ მოსაზრებით მიიღო, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყნის განახლებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ქვეყნის მთავარ კანონში წერია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან.

 

თემები:
საქართველოს პარლამენტი (89)

მთავარი თემები