ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ურთიერთობის ფორმატს ცვლის

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი დეპუტატის მიერ მმართველი პარტიის  დატოვებამ  შეცვალა ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობისადმი  მიდგომა

თბილისი,  23 თბერვალი – Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა უმრავლესობიდან დეპუტატების მცირე ჯგუფებს შეხვდეს,  რათა უკეთ გაეცნოს მათ პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ნათქვამია პარტიის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს>>>

მას შემდეგ,  რაც ერთბაშად სამმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდიდან წასვლის თაობაზე განაცხადეს, პარტიის ლიდერმა დეპუტატების მცირე ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ეს პარტიის ის წევრები იყვნენ, რომლებმაც პოლიტსაბჭოს რეკომენდაციების მიუხედავად, მხარი დაუჭირეს სკანდალურ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების თაობაზე.

 „ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ბესელიას, გოგიჩაიშვილისა და ნაცვლიშვილის პარტიიდან წასვლად, ოფიციალური მიზეზი მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტები გახდა, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

ბესელია და გოგიჩაიშვილი მოითხოვდნენ, რომ მოსამართლეების საერთო სასამართლოებში – საქალაქო, რაიონული და სააპელაციო  –  უვადო წესით დანიშვნა 2024 წლლის 31 დეკემბრამდე გადავადებულიყო. თანაპარტიელებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ იგი არაკონსტიტუციურია. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

ნაცვლიშვილმა კი დეპუტატების წინაშე საპენსიო რეფორმის მისეული ვერსია წარმოადგინა და პირობა დადო, რომ თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას მხარს არ დაუჭერდნენ, იგი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა. ასეც მოხდა: კანონპროექტი ჩავარდა და მან განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. საქართველოში სულ ახლახანს ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა.

დოკუმენტების მიხედვით ისინი ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ რიგებში რჩებიან. როგორც კი ყველა ფორმალური პროცედურა დასრულდება, პარლამენტში მმართველი პარტია 112 დეპუტატით, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე იქნება წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს საკუთარი შეხედულებისამებრ ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლას. ამისთვის დეპუტატების მინიმუმ 112 ხმა არის საჭირო.

ივანიშვილი დეპუტატების კიდევ ერთ ჯგუფთან შეხვედრას მომავალ ორშაბათს გეგმავს.

 „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. ბესელია ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი იყო, რომელიც აქტიურად იბრძოდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0