პარლამენტში ე.წ. ქუჩური გარჩევების შესახებ კანონპროექტი შევიდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს ე.წ. ქუჩური გარჩევების ორგანიზატორებისა და მონაწილეების დასჯას ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით მოითხოვს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თანახმად, ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

მამუკა ბახტაძე: ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დაისჯება>>>

ინიციატივის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი – „დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება" გაჩნდება.

კანონპროექტის ავტორები ქუჩის გარჩევებში მოიაზრებენ „დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების ან ქონების განადგურების მუქარა".

შეკრებაში მონაწილეობა ან პასიური მონაწილეობა, რომელიც ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების პირდაპირ, მკაფიო და რეალურ საფრთხეს შეიცავს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 1 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

ქუჩური გარჩევების ორგანიზება კი უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს – ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 180-დან 200 საათამდე, ან შინაპატიმრობას 3 წლამდე ვადით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გიოეგი გახარია - Sputnik საქართველო
ქუჩური გარჩევები დასჯადი გახდება

ე.წ. ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობა ან მისი ორგანიზება ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ქმედების არაერთგზის ჩადენა ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღნიშნული დანაშულის გახსნაში დახმარება და აღიარება სისხლის სამართლის პასუხისგებლობიდან გათავისუფლების საბაბი გახდება.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის თავიდან აცილება, მეორე მხრივ კი დაზარალებულთა დაცვა და იმ მძიმე შედეგების პრევენცია, რომლებიც დასახელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს", – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური 2017 წლის დეკემბრიდან გახდა, როდესაც სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. შედეგად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები – 16 წლის ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაიღუპნენ.

2018 წლის აპრილში საქართველოში ამ მიმართულებით კანონმდებლობა გაამკაცრეს. ახლა ქვეყანაში დასჯადია არა მარტო ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ან მასთან კავშირი, არამედ „ქურდული შეკრება", ქურდული გარჩევა და ქურდული სამყაროს წევრისთვის – „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0