თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, განაჩენი გამოიტანა და ქვეყნის ხელისუფლებას მოსარჩელეების სასარგებლოდ 19,5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა>>>
ერთი საქმე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2009 წელს მსჯავრდებულის საპყრობილეში გარდაცვალებას, ხოლო მეორე საქმე – „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – მსჯავრდებულის არასათანადო მკურნალობას 2006–2008 წლებში ციხეში.
საქმის „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალების თანახმად, საქართველოს მოქალაქე გ.ტ 2007 წელს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ იგი დამნაშვედ ცნო და 10 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენი გასაჩივრდა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ იგი ძალაში დატოვა. 2008 წლის დეკემბერში, როდესაც მსჯავრდებული რუსთავის №2 საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადა. საპატიმროს ექიმმა ტუბერკულოზი ივარაუდა. მოგვიანებით ექიმის ვარაუდი დადასტურდა ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში.
სტრასბურგის სასამართლოს მონაცემებით, ციხის ხელმძღვანელობამ არ იზრუნა მსჯავრდებულის სათანადო მკურნალობაზე, რის შედეგადაც იგი 2009 წლის მაისში გარდაიცვალა, ხოლო ხელისუფლებამ ვერ გმოიძია მისი გარდაცვალების მიზეზები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეორე მუხლის („სიცოცხლის უფლება“) დარღვევაში დაადანაშაულა და გარდაცვლილი მსჯავრდებული ოჯახის სასარგებლოდ 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება საქმეს „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სასამართლოს მონაცემებით, გიორგი კიკალიშვილი 2006 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 2007 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ კიკალიშვილი დამნაშვედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. იმავე წლის სექტემბერში სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა 3 წელი და 6 თვემდე შეამცირა.
ჯერ კიდევ კიკალიშვილის დაკავებამდე მას თვალის კატარაქტა დაუდგინდა და ოპერაცია ურჩიეს, თუმცა, საპყრობილეში მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს. 2009 წლის მაისში კიკალიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
ევროპულმა სასამართლომ ქვეყნის ხელისუფლება ევროპული კონვენციის მესამე მუხლის („წამების აკრძალვა“) დარღვევაში დაადანაშაულა და დაზარალებულის სასარგებლოდ 4,5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.