თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის შეჯამებისას.
საქართველოში უმუშევრობის შემწეობის შემოღების იდეა გაჩნდა>>>
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში მიმდინარე წელს პირველად აჯამებს. ყოფილი ფინანსთა მინისტრი მთავრობას სათავეში 2018 წლის ივნისში ჩაუდგა, როდესაც აღნიშნულ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
„ჩვენ რეალური ცვლილებები 2012 წლიდან დავიწყეთ და ყველა ჩემი წინამორბედი (ექს-პრემიერები) მაქსიმალურს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა – სიღარიბე რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. ჩვენ შევძელით და დაახლოებით 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე", – განაცხადა ბახტაძემ.
თუმცა, პრემიერის სიტყვებით, ეს საკმარისი არაა. სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან ერთად, საქართველოს მთავარი გამოწვევაა, აღნიშნა ბახტაძემ.
„სიღარიბე - საქართველოს მტერია. ჩვენ იგი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ გამოწვევის გადასალახად ძალების მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ", – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 434,5 ათასზე მეტი მოქალაქე სოციალურად დაუცველია, რაც მთლიანი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს.
ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც სოციალურად დაუცველად მიიჩნევს თავს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და შეავსოს სპეციალური განაცხადი. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია მივიდეს მითითებულ მისამართზე და ოჯახის დეკლარაცია შეავსოს. რაც უფრო დაბალი ქულებით შეფასდება ოჯახი, მით უფრო დაუცველია სოციალურად.