თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლის თანახმად, ქვეყანაში მარიხუანის გამოყენება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.
კანონპროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექტემბერში მოამზადა, ინიციატორი კი ქვეყნის მთავრობაა.
ცვლილებების თანახმად, მარიხუანის გამოყენება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800–დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მიღებული კანონი კრძალავს მარიხუანის მოხმარებას 21–წლამდე ასაკის პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500–დან 1,5 ათასამდე ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარეობა იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას მარიხუანის პოპულარიზაციის ან რეკლამის შემთხვევაში. თუ ადრე ამისთვის ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდებოდა, იურიდიული პირი კი 5 ათასი ლარით, ახლა ჯარიმა რიგითი მოქალაქისთვის 5–დან 10 ათას ლარამდე გაიზრდება, იურიდიული პირისთვის კი 10 ათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე.
სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების, ფსიქოტროპული ან მათი ანალოგი საშუალებების გამოყენებისადმი მიდრეკილება ორი ან მეტი ან 21 წლამდე ასაკის პირების მიერ. იგი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6–დან 10 წლამდე ვადით.
სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან 10 წლამდე ვადით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგებს მოიტანს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვა – ავტოსაგზაო შემთხვევა, ერთი, ორი და უფრო მეტი ადამიანის სიკვდილი.
ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს სასამართლოს მიერ 3 წლამდე ვადით მართვის უფლების, ან ფარმაცევტული, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო მოღვაწეობის აკრძალვას, ასევე სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უფლების ჩამორთმევას.
მარიხუანის გამოყენებისთვის სანქციების გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს დააკმაყოფილა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი სასჯელი – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით – გააუქმა.
ასე რომ ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დადგა – მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით კი შსს–მ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებდა.