თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა იაშარ გიულერმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ბაქოში მორიგი შეხვედრა გამართეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
როგორც ჰასანოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრა ორგანიზებული იყო სამი მოძმე სახელმწიფოს მეთაურების დავალებით.
„შეხვედრაზე განვიხილეთ სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რეგიონში. მისი მიზანია სამი მოძმე ქვეყნის სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც რეგიონში ხორციელდება, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა", – აღნიშნა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო ჯგუფის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო; ამას გარდა, დამტკიცდა 2019 წლის მუშაობის გეგმა.
ჰასანოვის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგულება.
„შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება სამხედრო, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამედიცინო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით", - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა.
ჩაჩიბაიამ, თავის მხრივ, ასევე მიუთითა სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს პასუხობს.
„ჩვენ ასევე გვინდა განვავითაროთ თანამშრომლობა განათლების, სპორტის სფეროებში. რეგიონში შეინიშნება საფრთხეების ზრდა. ამ საფრთხეებთან გამკლავებას ძალების გაერთიანებით შევძლებთ", – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ქვეყანაში კრიზისის პერიოდებში დახმარებისთვის.
თბილისი–ბაქო–ანკარა როგორც თანამშრომლობის ნიმუში>>
თურქეთის გენშტაბის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სამი ქვეყნის პოზიცია, შეიძლება ითქვას, ემთხვევა. სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულება", - განაცხადა გიულერმა.
შეხვედრის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერა ოქმს. მომდევნო ანალოგიური შეხვედრა მომავალ წელს თურქეთში გაიმართება.