თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება.
„ცივი შხაპი“ მმართველი პარტიისთვის - ივანიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაფასა >>
ერთ კვირაში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან პირველ ტურში 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა 50%-იანი ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა. ზურაბიშვილმა 38,64% ხმა მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ვაშაძის შესაძლო წარმატების „ქართული ოცნების“ ლიდერს არ სჯერა, თუმცა, თუ ეს მოხდება, „არაფერი კარგი არ მოხდება“.
ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება.
„იმედია, ამ გამარჯვებით საბოლოოდ უარს ვიტყვით დესტრუქციულ ძალაზე... დიდი იმედი მაქვს, რაც სჭირდება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას, რაც სჭირდება ჩვენს ეკონომიკასაც, რომ გაჩნდეს კონსტრუქციული, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, გარწმუნებთ, ეს ძალიან სჭირდება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ „ნაცმოძრაობა“ „კანონის ფარგლებს გასცდეს“. „ნურავის აქვს ილუზია, რომ რაღაცებს მოახერხებენ და ამოატრიალებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა მოვლენების განვითარების რევოლუციური სცენარი, ივანიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მცდელობა იქნება. მაგრამ მინდა დავარწმუნო მოსახლეობა: მათ არ გააჩნიათ რესურსი... ხალხი განაწყენებულია, მაგრამ გაბოროტებული არ არის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.