თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა მარეკ კუხჩინსკიმ ხელი მოაწერეს საქართველოსა და პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პოლონეთის საპარლამენტო დელეგაცია კუხჩინსკის ხელმძღვანელობით თბილისს ორშაბათს ეწვია. ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოლონეთის სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება „პოლონური ინსტიტუტის“ გახსნა.
„პოლონეთის სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვხსნით „პოლონურ ინსტიტუტს“, რომლის დაფუძნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყნებს შორის, ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, კულტურა, მეცნიერება“, – აღნიშნა კობახიძემ.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო და პოლონეთი შექმნიან ერთობლივ კომისიას, რომლის შემადგენლობაში ორივე ქვეყნის ისტორიკოსები შევლენ. კომისია იმუშავებს საკითხებზე, რომლებიც ქართულ-პოლონური ურთიერთობების მნიშვნელოვანი პერიოდების შესწავლას უკავშირდება.
ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები მიიღო >>
2017 წელს საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნებმა 15 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლებიც ქვეყნების თანამშრომლობას არეგულირებს თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.