თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას პირადად გაუწევს კურირებას.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის მიმდინარეობისას დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის, ბათუმში, მარნეულსა და ახალქალაქში. სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15-მდე ადამიანი მისცეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით პირველ ტურში, ასევე შევძლებთ მეორე ტურში... მე ავიღე მთელ საქართველოში არჩევნების მშვიდად ჩატარების კურატორობა. ეს მე დამავალა პრემიერ-მინისტრმა. პოლიცია არჩევნებში ვერ ჩაერევა. პოლიცია იქნება ყველა ადამიანის უფლებების დამცველი და ყველა კანონდარღვევა პოლიციის მხრიდან იქნება აღკვეთილი", – განაცხადა გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
სექტემბრის დასაწყისში გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააფორმეს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი (38,64%), ხოლო მას მცირე რაოდენობით ჩამორჩება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (37,73%).
ცესკო საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა გამოაცხადებს. ამის შემდეგ ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება.