თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. პარტიები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს, საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს ეკუთვნის.
საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი. მესამე ადგილზე კი დავით ბაქრაძეა, რომელმაც ხმების დაახლოებით 11% მიიღო.
„რა თქმა უნდა, გაერთიანებულ ოპოზიციას საკუთარი შტაბი აქვს. თუმცა, რამდენადაც ჩვენი ამოცანა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთიანი მუშაობაა, ინიციატივით გამოვდივარ, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სწორედ იმაზე იმუშავებს, რათა მეორე ტურში ოპოზიციის ხმების კოორდინირებულად მობილიზება მოხდეს", – განაცხადა ბაქრაძემ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საკონსულტაციოდ ყველა პარტიის წარმომადგენლებს ელოდებიან, გარდა „ქართული ოცნებისა".
„რა თქმა უნდა, აღნიშნული წინადადებები მისაღებია და ჩვენ ამ და სხვა პარტიებთან თანამშრომლობას აქტიურად ვაპირებთ იმისთვის, რომ მომავალში ერთიან ფორმატში წარმატებით დავასრულოთ ქართული საზოგადოების კონსენსუსი „ქართული ოცნების" სახლში გაშვებასთან დაკავშირებით", – აღნიშნა „ნაცმოძრაობის წევრმა" ლევან ბეჟაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში იმუშავებს შტაბი. სწორედ ეს საკითხი იქნება თავიდან კონსულტაციის თემა.
„მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურში იმ ძალების მაქსიმალური მობილიზება მოხდეს, რომლებმაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გადაწყვიტეს", – განაცხადა „ევროპული საქართველოს" პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა.
საპრეზიდენტო არჩევნები გასულ კვირას ჩატარდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე უცხოეთის 40 ქვეყანაში. ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. ცესკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.