თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა კოალიციამ „ძალა ერთობაშია" პროკურატურას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების პროცესში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შესაძლო ჩარევის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით მიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საარჩევნო კომისიების ფორმირება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხორციელდება, რომელიც საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე ცესკო საუბნო კომისიებს აკომპლექტებს.
ქართული სატელევიზიო ბადე შეიძლება პოლიტიკური რეკლამით შეივსოს>>>
„ჩვენ ცესკოსა და პროკურატურას აუდიოჩანაწერებს წარვუდგენთ, რომლებშიც დასტურდება კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სხვა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების კავშირი „ქართული ოცნების" შტაბთან. მტკიცებულებებს წარვადგენთ სრული ჩანაწერების სახით და მოვითხოვთ რეაგირებას", – განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
მისი სიტყვებით, აუდიოჩანაწერში, რომლებსაც კოალიცია ფლობს, ისმის როგორ დაურეკა კრწანისის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატს საოლქო კომისიის სახელით პირმა და კონკურსზე სხვა უბანში გასვლა სთხოვა.
„მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ სატელეფონო ნომერს არანაირი კავშირი არ აქვს. იგი „ქართული ოცნების" კრწანისის შტაბის მენეჯერის მელანო ავალიშვილის ნომერი აღმოჩნდა. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. ვითხოვთ დაკითხონ ეს ადამიანები და მოხდეს რეაგირება", – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ორშაბათს ოპოზიციამ ჩანაწერები გამოაქვეყნა, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ფეტვიაშვილმა საარჩევნო კომისია დატოვა, ხოლო ცესკომ აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო.