„თავისუფალმა საქართველომ“ კახა კუკავა საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა

© photo: Kakha Kukava / FB„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატის განაცხადია შესული, მათ შორის არიან შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 - ოპოზიციის ახალი ალიანსი

კუკავა უკვე 13 წელია პოლიტიკაშია და მთელი ეს წლები — ოპოზიციაში. ის იყო მასშტაბური საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი 2007 და 2009 წლებში, წინა ხელისუფლების დროს.

ხუთშაბათს, განაცხადის შეტანამდე კუკავამ მიმართა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„თუ ლევან ვასაძე მაინც უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ მე მას ვთხოვ გახდეს შუამავალი ეროვნულ-პოლიტიკურ ძალებს შორის, რათა შევჯერდეთ ყველანი ერთად პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატზე, რომელიც იქნება ამ არჩევნებში ქართველი ხალხის დამცველი ლიბერალური ძალების წინააღმდეგ“, — განაცხადა კუკავამ მიმართვაში.

ამ არჩევნებზე კუკავამ ძალების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობასთან" გადაწყვიტა.

კახა კუკავა 1976 წლის 12 ივლისს დაიბადა. პროფესიით ის იურისტია და გარკვეული წლების განმავლობაში საადვოკატო პრაქტიკას მისდევდა.

კუკავამ მუშაობა 20 წლისამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტის თანამდებობაზე დაიწყო. შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა.

2001 წელს მან მიატოვა სახელმწიფო სამსახური და კერძო საადვოკატო საქმიანობა დაიწყო.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – პოლიტიკოსი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ახალი სახელით გეგმავს

კუკავა 2004 წელს საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს გაწევრიანდა ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს „კონსერვატიულ პარტიაში".

კუკავამ 2010 წელს კონსერვატორების რიგები დატოვა და საკუთარი პარტია „თავისუფალი საქართველო" შექმნა. იმავე წელს ამ პარტიიდან ის თბილისის საკრებულოში შევიდა.

ბოლო ოთხი წელი კახა კუკავა ქვეყნის არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და ის ყველა ინიციატივაში იღებს მონაწილეობას.


ყველა ახალი ამბავი
0