თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის ათ წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა; ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიებვის დამოუკიდებლობა აღიარა.
„მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. ორი დღის განმავლობაში ბევრი ვისაუბრე, მქონდა ბევრი შეხვედრა მათ შორის იმ ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ძმები, დები, მშობლები, მეგობრები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ განწყობა არის ერთი — მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს", — განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომისას ბრიფინგზე.
ბახტაძემ გაიხსენა მისი წინამორბედის — გიორგი კვირიკაშვილის მშვიდობიანი ინიციატივა — „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ინიციატივა ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად. ის ითვალისწინებს თანამემამულეებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, იმ პირობების შეთავაზებას, რომელიც ქართულმა მხარემ რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიიღო.
ჩვენ ნაბიჯი უნდა გადავდგათ უკეთესი მომავლისკენ. თქვენთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და მათ წარმატებით დავასრულებთ, განაცხადა ბახტაძემ.
აგვისტოს ომისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ასევე პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.