თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, შეურაცხმყოფელია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს და აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები ისმის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძის წასვლასთან დაკავშირებითაც.
პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსები ვალდებული არიან, რომ საზოგადოებას წასვლის მიზეზები განუმარტონ.
„მე ამას არ განვიხილავ კერძო ჭრილში. ჩემი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს, ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა მარგველაშვილმა მას შემდეგ, რაც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა და მთავრობის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა.
პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ყოფილ პრემიერთან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტი 13 ივნისს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პარტია „ქართული ოცნების" მმართველ გუნდთან, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.
დღეს გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კომენტარი პირველად გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ საჯარო აქტივობები დაასრულა.
რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.