20:23 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
ქართელი ექსპერტი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

საყვარელიძე: კვირიკაშვილის შემცვლელი შეიძლება სრულიად მოულოდნელი ახალი ფიგურა იყოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
49830

კვირიკაშვილის ვიზიტი აქციაზე არაპროდუქტიული იყო, რამაც, სხვა მიზეზებთან ერთად, მისი გადადგომა განაპირობა, მიაჩნია ექსპერტს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ, ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობა გახდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

„გუშინ გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა დაღმა მიდის, გიორგი კვირიკაშვილი კი სწორედ ეკონომიკურ გუნდზე იყო პასუხისმგებელი და, სავარაუდოა, რომ ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი იყო“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

გაეროს საბავშვო ფონდ UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“ თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა.

პოლიტოლოგის აზრით, ამასთან ერთად კვირიკაშვილის მიმართ პრეტენზიები იყო საკადრო პოლიტიკასთან, კერძოდ, ყოფილ განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან დაკავშირებით. ასევე არ არის გამორიცხული, რომ კვირიკაშვილის გადადგომა გარკვეულწილად უკავშირდებოდეს პარლამენტთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც, თუმცა არა იმიტომ, რომ ამას აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რადგან აქციებით პრემიერის გადაყენება არასწორი პრაქტიკაა, არამედ იმიტომ, რომ „მიუხედავი“ აღმოჩნდა პროკურატურა. 

„თავისთავად, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის ძიება რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა, ეს უკვე ნიშნავს, რომ პროკურატურამ ვერ იმუშავა. აქედან გამომდინარე, პრეტენზიებია იუსტიციის სამინისტროსთან, რადგან მის ხელშია პროკურატურის დაკომპლექტება, იუსტიციის სამინიტრო კი მინისტრთა კაბინეტის ნაწილია“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

მამუკა მდინარაძე: გუნდს სჭირდება ახალი ენერგია, ახალი სისხლი >>

რამაზ საყვარელიძის აზრით, კვირიკაშვილის სასარგებლოდ არც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მან რუსთაველზე აქციის მონაწილეების განწყობების შეცვლა ვერ მოახერხა, რადგან მის განცხადებებში იყო მხოლოდ ზოგადი დაპირება – „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“. 

„თუ გიორგი გვახარიამ პოლიციის მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა, რაც ყოველთვის აქრობს ხოლმე აგრესიის მუხტს, ეს ხერხი ვერ დაინახა კვირიკაშვილმა და მისი ვიზიტი აქციაზე არაპროდუქტიული იყო“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ. 

რაც შეეხება შემცვლელს, მასმედიაში საუბარი იყო რამდენიმე პოლიტიკურ ფიგურაზე, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრზე, ფინანსთა მინისტრზე და დედაქალაქის მერზე. შეიძლება სრულიად მოულოდნელი ახალი ფიგურა იყოს. ეს ის სახეებია, რომლებიც ბოლო დროს დაინიშნენ თანამდებობაზე და მათი საქმიანობა პრობლემებს არავის არ უქმნის. 

„ახლა მთლიანად გადამდგარია მთავრობა და ეს კარგი პირობაცაა იმისა, რომ მოხდეს მთელი მინისტრთა კაბინეტის განახლება და ახალი კანდიდატურებით დაკომპლექტება“, – დასძინა რამაზ საყვარელიძემ. 

კვირიკაშვილი მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

პრემიერი გადადგა იმ საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გახმაურებული საქმის ირგვლივ შექმნილი სკანდალის გამო აგორდა.

თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი თავისი გადადგომა მას და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.

პოსტის დატოვებამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია.

ნატა პატარაია

მთავარი თემები