„ჰოჰენფელსის“ ანალოგი - საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა

© Sputnik / Levan Avlabreliსაბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში
საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის შემდეგ ახალ ცენტრში მომზადებას მხოლოდ ქართველი ინსტრუქტორები ჩაატარებენ

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ვაზიანში გერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის“ ანალოგით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იმის შესახებ, რომ საქართველოში „ჰოჰენფელსის“ მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნებოდა, 2017 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. მშენებლობის დაწყებას წინ უსწრებდა 2016 წელს თბილისში უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლების ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე მაიკლ კარპენტერმა და თავდაცვის მინისტმა ლევან იზორიამ.

„მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გენშტაბის ხელმძღვანელობის მიმართ, თითოეული თქვენგანის მიმართ, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ასახელეთ და მას როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ, ღირსეულ პარტნიორს დაუმკვიდრეთ მთელ მსოფლიოში სახელი. მე ვამაყობ თქვენით, ვამაყობ, როცა ვისმენ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან სიტყვებს, და ეს ბევრჯერ მოვისმინე დღეს ბატონი გენერლისგან (აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური კურტის სკაპაროტი), რომ თქვენ ხართ მსოფლიოში ერთ-ერთი გაბედული, მამაცი და შეუპოვარი მებრძოლები“, — მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა დაემთხვა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებას. პირველები ამ პროგრამაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროები ჩაერთვნენ. თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა სამი წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერით ქართველი სამხედროების მომზადებას გულისხმობს.

„სამი წლის შემდეგ, როდესაც წარმატებით დავასრულებთ პროგრამას, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მიღწეულის შენარჩუნება და სწორედ ჩვენი ინსტრუქტორების უშუალო მონაწილეობით ჩვენი შესაძლებლობების შეფასება და მისი შემდგომი განვითარება. ამიტომ დღევანდელი დღე არის ჩვენი გრძელვადიანი განვითარების მყარი საფუძველი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა უფრო უნდა გააძლიეროს“, — აღნიშნა იზორიამ.

აშშ-ის სამხედროები ქართველ კოლეგებს 2020 წლამდე მოამზადებენ, ამის შემდეგ თავდაცვის მომზადების პროგრამას მხოლოდ ქართველი ინსტრუქტორები უხელმძღვანელებენ.

გამოსვლისას იზორიამ ასევე დაანონსა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წელს რეორგანიზაცია და სტანდარტიზაცია იწყება, რომელიც ჰიბრიდული ომის პირობებში გასამხედროებული ქვედანაყოფების ხარისხის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული.

„წელს ქართულ შეიარაღებულ ძალებში ვიწყებთ მნიშვნელოვან რეორგანიზაციას და სტანდარტიზაციას, რომელიც ითვალისწინებს სწორედ რომ მეტ ყურადღებას მცირე ზომის ტაქტიკურ ქვედანაყოფებზე, და სწორედ ეს პროგრამა გათვლილია ასეულების დონეზე მცირე ზომის ტაქტიკური ქვედანაყოფების მომზადებისთვის, რათა ჰიბრიდულ საფრთხეებს ვებრძოლოთ სწორედ მოქნილი, საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფილი, ცენტრალიზებული მართვისა და დეცენტრალიზებული აღსრულების უნარით აღჭურვილი ქვეითი ასეულებით“, — დასასრულს აღნიშნა მან.

იზორიასთან ერთად, საბრძოლო მომზადების ცენტრი საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ.


ყველა ახალი ამბავი
0