დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლიდან გიორგი მარგველაშვილია. ის ქვეყნის მეთაურის პოსტზე კენჭს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" იყრიდა, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილისა და კოალიციის ლიდერთა გზები გაიყო. 

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
ღირსეული კანდიდატი გვეყოლება - კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.

„დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, რომ მივიხედ-მოვიხედოთ და ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი არა მხოლოდ წარმატება-წარუმატებლობის შანსების აწონ-დაწონვის თვალსაზრისით, არამედ, რა ხდება ზოგადად, სპექტრში — ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს", — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლის-აგვისტოში დაასახელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატად თბილისის მერს, კახა კალაძეს განიხილავდა. თუმცა, კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი – ჭორი თუ რეალობა

საპრეზიდენტო რბოლაში ჩაბმას აპირებენ ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო ბრეგაძე (მოძრაობა „ქართული მარში") და პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე აპირებს. 

„ვის უნდა 20 ათასი" ანუ საპრეზიდენტო მარათონი>>>

დავით უსუფაშვილი — „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი, 2012-2016 წლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. იმ დროს მისი პარტია კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაში შედიოდა.

კოალიცია „ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საბოლოოდ დაიშალა და „რესპუბლიკურმა პარტიამ", ისევე, როგორც კოალიციის დანარჩენმა ყოფილმა წევრებმა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. უსუფაშვილის პარტიამ ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და, შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0