თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ერთ–ერთი კანდიდატი იქნება, აღნიშნულია „გირჩის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.
„ეს არჩევნები არის შანსი, რადიკალურად შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ. შევცვალოთ, მათ შორის, ადამიანების ხედვა, ვაგრძნობინოთ რას ნიშნავს მეტი თავისუფლება, თავისუფლება, რომელსაც მერე ისინი ან მათი შვილები ასე ადვილად აღარ დათმობენ. ამისთვის საჭიროა „გირჩი“ პრეზიდენტის სასახლეში“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „გირჩმა" ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, ნარკოპოლიტიკის და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სფეროებში.
„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო დაპირებებია: 5 წელიწადში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე, მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ Facebook-ლაივით.
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" 2015 წელს იმ პოლიტიკოსების ჯგუფმა ჩამოაყალიბა, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო. ლიდერი კი პოლიტიკოსი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.