თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ნიკოლაი გაიცნო, რომელიც მამას თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ახლავს.
პრეზიდენტის შვილებმა ერთმანეთი ბელარუსის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალური სადილზე გაიცნეს. ღონისძიების ფოტოები საქართველოს პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ფოტოებზე აღბეჭდილია, როგორ ართმევენ ერთმანეთს ხელს ანა და ნიკოლაი, მოგვიანებთ კი მამების გარემოცვაში როგორ სხდებიან ერთმანეთის პირისპირ სუფრასთან, სადაც ასევე ისხდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრი მიხეილ რუსი.
ანა მარგველაშვილი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან, 1993 წელს დაიბადა. ამ დროისთვის გიორგი მარგველაშვილი დიზაინერ მაკა ჩიჩუაზეა დაქორწინებული, რომელთანაც ჰყავს ორი ვაჟი — თეიმურაზი და თომა.
მარგველაშვილს ქალიშვილი ოფიციალურ ვიზიტებზე არაერთხელ ახლდა. ბოლოს ანა მიმდინარე წლის თებერვალში საბერძნეთში იმყოფებოდა.
ოფიციალურ ვიზიტებზე მამას ხშირად დაჰყვება ნიკოლაი ლუკაშენკოც, რომელიც 13 წლისაა. ნიკოლაი პრეზიდენტის უმცროსი ვაჟია.
ლუკაშენკო თბილისში ხუთშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა – ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ – გაფართოებულ ფორმატში.
ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის რანგში საქართველოს მეორედ ეწვია. პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები უკვე გამართეს. მათ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელობა აღნიშნეს და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მისწრაფებას გაუსვეს ხაზი.
მოგვიანებით გაიმართა ათამდე შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც მიმართულია ბელარუსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე სოფლის მეურნეობის, განათლებისა და საბანკო სექტორის სფეროებში.
ვიზიტის პირველ დღეს ლუკაშენკომ და მარგველაშვილმა თბილისში ქართული კონიაკის ქარხანა „სარაჯიშვილი" დაათვალიერეს, სადაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით საფირმო კონიაკის კუპაჟირება მოახდინეს და კასრი დალუქეს. იუბილეს 2019 წელს აღნიშნავენ.
შაბათს ლუკაშენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება, მოგვიანებით კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.