03:23 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
71 0 0

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ქვეყნის მთავარი კანონის სრულყოფის კუთხით გაწეული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გადაუხადა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით დაამტკიცა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

საქართველოს მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს 2017 წელს განახლებული კონსტიტუციის სრულყოფას პრეზიდენტისა და ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით. კერძოდ, პროექტი გულისხმობს არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილების წესების შეცვლას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ბლოკების დაშვებას და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვას.

„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ“, — ციტირებს საქართველოს პარლამენტი ამონარიდს ვენეციის კომისიის დასკვნიდან.

ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილების სისტემის გაუქმებამ, რომლის დროს გამარჯვებული პარტია პარლამენტში გაუნაწილებელი ადგილების უმეტესობას იკავებს. ცვლილებების თანახმად, სადეპუტატო მანდატები თანაბრად განაწილდება ყველა იმ პარტიას შორის, რომელმაც საარჩევნო ზღვარი გადალახა.

ვენეციის კომისია ასევე მიესალმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობის დაშვებას და პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის 3%-მდე დაწევას. ეს ხელს შეუწყობს პლიურალიზმის ზრდას და პარლამენტში მცირერიცხოვანი პარტიების რაოდენობას გაზრდის, დარწმუნებულნი არიან ევროპელი ექსპერტები.

„ახალი ცვლილებები აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს. კომისიის მიერ მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ შეიტანდა ცვლილებებს ტექსტში. ცვლილებების პროექტი მოიცავს დაპირებულ ცვლილებებსაც და ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ გაწეული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გადაუხადა.

„ჩვენ საქართველოსთან 1993 წლიდან ვთანამშრომლობთ. მას შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის მისაღწევად“, — განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მესამე, საბოლოო მოსმენით კენჭისყრა 21 მარტისათვის არის დაგეგმილი.

ვენეციის კომისია — საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1990 წელს შეიქმნა. კომისია ახორციელებს მონაწილე სახელმწიფოების იმ კანონების და კანონპროექტების ანალიზს, რომელიც საკონსტიტუციო სამართლის პრობლემებს უკავშირდება.


თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები