პასუხი მოსკოვს – ოფიციალური თბილისის პოზიცია

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დროს შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების შესახებ პრემიერ კვირიკაშვილის მოწოდებაზე მოსკოვის რეაქცია შეაფასა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შესახებ, რათა მდგომარეობა ჩიხიდან გამოვიდეს. სამინისტროში აღნიშნეს, რომ „რუსეთი მოცემულ საკითხში მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად არიან საქართველოში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
რა უპასუხა კვირიკაშვილის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ

„გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას", — ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ეს პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს. საქართველოს პრემიერმა ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნაც გამოთქვა მისი პირადი მონაწილეობით.

„ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად", – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ცხინვალში ტატუნაშვილის სიკვდილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც პრემიერს რუსეთისადმი ღია წერილით მიმართვისკენ უბიძგა.

ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში დაკავების შემდეგ 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი რუსეთს „მოჯადოებული წრიდან გამოსვლას“ სთავაზობს
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ქართულ მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა და თვლის, რომ ის მოკლეს.

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახსნა იმით, რომ გააჩნდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა. ტატუნაშვილის ახლობლები პირველივე დღიდან ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ, თუმცა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება გადმოცემას აჭიანურებს და აცხადებს, რომ რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0