თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქართული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან და მათთან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის პრობლემაზე იმსჯელა, რაც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე აისახოს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში აამოქმედა. მას შემდეგ ასეთი რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, გერმანია, ისლანდია და შვედეთი შეშფოთებული არიან ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით.
„რამდენიმე (ევროკავშირის) წევრმა სახელმწიფომ დააფიქსირა, ასე ვთქვათ, წუხილი იმის შესახებ, რომ, ერთი — გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან საგრძნობლად და, მეორე — ამასთან ერთად გაიზარდა კრიმინალური აქტივობა. ეს ორი ისეთი თემაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს (უვიზო რეჟიმის) შეჩერების მექანიზმის ამოქმედება", — განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში ნატალია საბანაძემ ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.
გასულ კვირას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. არსებული ვითარების განსახილველად გერმანიაში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე.
ამასთან ერთად, საბანაძე ამ მექანიზმის ამოქმედებას დღესდღეობით გამორიცხავს. მისი თქმით, საქართველოს პოლიციამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ევროპელ კოლეგებთან, ხოლო ხელისუფლებამ მოსახლეობაში აქტიური კამპანია აწარმოოს და მოქალაქეებს განუმარტოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა-გამოსვლის წესები.
„ჯერჯერობით ამ მექანიზმის (შეჩერების) ამოქმედებაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, თუ რა ზომები შეიძლება მივიღოთ, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს. ერთი არის საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე საუბარია საყოველთაო კამპანიის შესახებ", — დასძინა საბანაძემ.
2017 წელს შვედეთმა თავშესაფარზე უარი საქართველოს 963 მოქალაქეს უთხრა; ანუ უარი ითქვა ყველა განხილულ საქმეზე. სულ შვედეთს თავშესაფარი გასულ წელს საქართველოს 1105-მა მოქალაქემ სთხოვა. ამ მაჩვენებლით საქართველოს წინ უსწრებენ მხოლოდ სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
ევროკავშირში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს დაჯავშნული ნომერი ან მეგობარი–ნათესავის მისამართი, სადაც აპირებს ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.