14:52 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
81 0 0

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა ხელი მოეწერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც მას არ მოსწონს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა განახლებული კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც მანამდე პარლამენტმა მიიღო.

მანამდე მარგველაშვილმა ვეტოს უფლებით ისარგებლა და პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები დაუბრუნა საკუთარი მოტივირებული შენიშვნებით, რომლებიც იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" მოელოდა.

ცოტა ხნით ადრე "ქართული ოცნება" დათანხმდა დათმობებზე — რომ უარი ეთქვა "ბონუსების სისტემის" 2024 წლიდან შემოღებაზე და არჩევნებში ბლოკების მონაწილეობა დაეშვა. პრეზიდენტისა და ოპოზიციისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მოტივირებული შენიშვნების სია ექვს პუნქტამდე გაიზარდა.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების" დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და საბოლოოდ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის გადასვლას გულისხმობს მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.

„ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რათა თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს", — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერა მისთვის რთულია.

„ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში. და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა — ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

არსებული კანონით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ცვლილებეზე ხელს არ მოაწერდა, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეეძლო.

საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა რვა თვეს გაგრძელდა – თავიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, შემდეგ პარლამენტში. მთელი ეს პროცესი „ქართულ ოცნებასა" და გიორგი მარგველაშვილს შორის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები