ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში იარაღი აღმოაჩინეს

© Pixabay / ulfake76სანადირო თოფი
სანადირო თოფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლში ბათუმში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ბათუმში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკისას ექსპერტ-კრიმინალისტებმა იარაღი აღმოაჩინეს და ამოიღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ოთარ წოწორია და ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები ევროსასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობაა, რადგან სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მფლობელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„ეს ყველაფერი ჩემი დის წინააღმდეგ გაკეთდა. ზეწოლაა, ალბათ ანგარიშსწორებაა. ჩემი და ადეიშვილის (საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი) მოადგილე იყო და, ალბათ, ამიტომ", — განაცხადა წოწორიამ.

ის ასევე ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ნაპოვნი საგნების ნაწილი ჩაუდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ევროსასამართლომ Rustavi2-ზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსების ზეგავლენით მიიღო

„სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, ისინი რეგისტრირებულია, მემკვიდრეობით არის მიღებული. მათგან მე არასდროს გამისვრია და სახსოვრად ვინახავ. რაც შეეხება დანარჩენ ნაპოვნ ნივთებს, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან და როგორ გაჩნდნენ ჩემთან", — განაცხადა წოწორიამ.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა წოწორიას სახლი უკომენტაროდ დატოვეს. შსს-ს მონაცემებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

„ამოღებულია ორი სანადირო თოფი, რომლებიც მას (წოწორიას) ეკუთვნოდა. ასევე ამოღებულია ერთი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არ არის. ასევე ამოღებულია ერთი პისტოლეტი და ვაზნები. დაახლოებით ერთი კვირაა საცხოვრებელ სახლში არ იყო… ღია იყო ის ადგილი, საიდანაც ეს ნივთები იქნა ამოღებული. თუ ვინმეს რაიმეს ჩადება უნდა, ძალიან ადვილად განახორციელებს. რახან ეს ნივთები მას არ ეკუთვნის და მისდა გასაოცრად მისი სახლიდან იქნა ამოღებული, ასეთ დასკვნას აკეთებს ლოგიკურად, რომ მისი დის საქმიანობას უკავშირდება", — განაცხადა წოწორიას ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზე გაგზავნეს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა", რაც ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ნონა წოწორიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 2008 წელს დაიკავა. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა, მაგრამ მისი შეცვლა ჯერჯერობით არავის შეუძლია, რადგან 2017 წლის იანვარში ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების სია არ მოიწონა.

საქართველომ ევროსასამართლოს მოსამართლის პოსტზე ხელახალი კონკურსი თებერვალში გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0