თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ძალაში შევა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სიახლე ძალაში მარტის თვის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შევა. ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური პროცედურები დარჩა.
უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლება ექნება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს, მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით — 180-დან 90 დღე.
სწავლის ან სამუშაოდ წასვლის სურვილის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა იქნება საჭირო, დასძინა მინისტრმა.
საქართველოს მოქალაქეებს მგზავრობისას აუცილებელია ჰქონდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.
დადგენილი პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტში ხმის მიცემის შემდეგ, რეგულაციები ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე უნდა დაამტკიცოს.
საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მასზე ხელს მოაწერს ევროკავშირის პრეზიდენტი და ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე-ქვეყნის (მალტა) წარმომადგენელი. რეგულაცია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ.