ვინ ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაზღვევით – ხელისუფლება ახალ პროექტს ამზადებს

© Fotolia / Sudok1საავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში ორი ვარიანტი განიხილება: სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ჩამოერთვას 40 თუ 100 ათასზე მეტი ლარის წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს.

თბილისი, 9 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ცვლილებაზე მუშაობს, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეებისთვის დაზღვევის ჩამორთმევასა და შეჭირვებულთა პროგრამის დაფინანსების გაზრდას გულისხმობს, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ „TV პირველის“ ეთერში.

სახელმწიფო დაზღვევის რეფორმა საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს. იდეა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ საკუთარი დაზღვევის ხარჯებს თვითონ იხდის და მატერიალურად უზრუნველყოფილ მოქალაქეებსაც იგივე ურჩია.

„მომავალი წლიდან დაზღვევის პაკეტები შემოსავლების მიხედვით განაწილდება. დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის, სოციალურად დაუცველები დაზღვევის გაფართოებულ პაკეტს მიიღებენ, მედიკამენტებისა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ჩათვლით. საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა დაზღვევის მინიმალურ პაკეტს მიიღებს, ხოლო დანარჩენი მომსახურების მიღება კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან მოუწევს“, — განაცხადა ზოიძემ. 

რაც შეეხება მატერიალურად უზრუნველყოფილ მოქალაქეებს, მათ სახელმწიფო მხოლოდ იმ სამედიცინო მომსახურების ხარჯებს დაუფარავს, რომლებსაც კატასტროფის შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ვერ დაფარავენ.

ეს ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტში უკვე განიხილება. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, ვის ჩამოერთვას სახელმწიფო დაზღვევა — იმ ოჯახებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია თუ 100 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონეთ.

პარლამენტში ასევე განიხილება საკითხი იმ დამსაქმებლებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების თაობაზე, რომლებიც თავის თანამშრომლებს სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს აუნაზღაურებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმის უფასო მეთვალყურეობასა და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს ოპერაციის ღირებულების 70%-ს, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის 80%-სა და მშობიარობას. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს დაავადებათა 12 ჯგუფის მკურნალობას.

ყველა ახალი ამბავი
0