ბესო ალადაშვილი საქართველოში ტერაქტების გარედან ინსცენირებას არ გამორიცხავს

გამოწერა
ექსპერტის აზრით, ტერაქტის გარედან ინსცენირება ქვეყანაში, შესაძლოა შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის მიზნითაც მოხდეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთში განხორციელებული ტერაქტების გამო საქართველოს პანიკაში ყოფნის საფუძველი არ აქვს.

 „თურქეთში განხორციელებული ტერაქტების გამო პანიკაში ყოფნის ობიექტური საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება და სპეცსამსახურებმა არ იმუშაონ გარედან ინსცენირებულ ტერორისტულ აქტებზე, რომლებიც სხვათა შორის, შეიძლება იყოს არა უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის საელჩოს ან მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ წინა წლებში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გვქონდა“, –განაცხადა ბესო ალადაშვილმა.

 ექსპერტის აზრით, ტერაქტის გარედან ინსცენირება ქვეყანაში, შესაძლოა შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის მიზნითაც მოხდეს.

 „საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ტერორიზმის და კონფლიქტების საფუძველი არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე გარე ძალამ გამოიყენოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და ტერაქტი პოლიტიკური მიზნით განახორციელოს, ხოლო ეთნიკური და რელიგიური საბურველით კი  შენიღბოს“, – თვლის ბესო ალადაშვილი. 

მისივე თქმით, ტერორიზმი 21–ე საუკუნეში უკვე გლობალური საფრთხეა და გლობალური მოთამაშე. საერთაშორისო ურთიერთობებში კი ტერორიზმი შემოვიდა, როგორც გლობალური ფენომენი, და ყველა ქვეყანას უხდება მისთვის ანგარიშის გაწევა. 

 „სამწუხაროა, რომ ტერორისტები არასდროს აღიარებენ იმას, რომ ისინი დამნაშავეები არიან. ისინი ინიღბებიან სხვადასხვა კეთილშობილური მიზნებით, მაგალითად, ეს არის ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობა, ხალხთა თანაბარი უფლებები, კეთილდღეობა და ა. შ. მაგრამ ტერორიზმს და მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლს ვერაფერი ვერ ამართლებს, “–აღნიშნა ექსპერტმა

 სამ წამიანი ინტერვალის ორი აფეთქება მოხდა შაბათს თურქეთის დედაქალაქში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მიტინგის დაწყებამდე. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, დაღუპულია 86 ადამიანი და დაიჭრა 186 ადამიანი, მათ შორის 9 პოლიციელი. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ახმეტ დავუტოგლუს განცხადებით, არის იმის მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ორმა თვითკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. 

 „გამოძიება გრძელდება, დეტალებს არ გავამჟღავნებ, მაგრამ ძირითად ვერსიად „ისლამური სახელმწიფოს“ მონაწილეობა განიხილება. ჩვენ ერთ სახელთან მივედით, რომელიც ამ დაჯგუფებასთან კავშირზე მიუთითებს. ტერაქტი ანკარაში – ეს 1 ნოემბრის არჩევნებზე ზემოქმედებისა და მის შედეგების შებღალვის მცდელობაა. ეს თურქეთის, მისი ხალხის სტაბილურობასა და დემოკრატიაზე თავდასხმაა. მაგრამ ეს თურქეთს სირიად ვერ აქცევს“, – განაცხადა თურქეთის პრემიერ –მინისტრმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0