ნიკა მელიას საქმე – როგორ არ შევთანხმდეთ

© photo: Sputnikნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში შესვლის შემდეგ თითქოსდა უკვე შეთანხმებული და გარკვეული საკითხი იყო, მაგრამ...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იმდენი აკრიტიკა მხარეების პოზიცია, აშშ-ის ელჩსაც კი ათქმევინა დაახლოებით ასეთი რამ: მელიას შეუძლია სადაც უნდა, იქ იყოს, ჩვენ, უბრალოდ, მისი გათავისუფლების გზებს განვიხილავთო.

ზოგადად, რამდენადაც კარგია პოლიტიკაში პრინციპულობა, იმდენად ცუდია რადიკალიზმი, და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამ უაზრო ექვსთვიან ჭიდაობაში ქვეყანა ძვირფას დროს კარგავს ეკონომიკის გამოსასწორებლად, მიწის რეფორმის კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად, ბინათმესაკუთრეობის საკითხების გასარკვევად, სოციალური პრობლემების გამოსასწორებლად და, ბოლოს და ბოლოს, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღარაფერს ვამბობთ საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. თუმცა ვინაიდან მელიას ციხიდან გამოსვლა–არგამოსვლის თემა მაინც აქტუალურია, მოკლედ ვეცდებით ავხსნათ არსებული რეალობა.

ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს არ თანხმდებიან, თუმცა უმრავლესობას მშვენივრად შეუძლია მათ გარეშეც ამ კანონის მიღება და ამ გზით შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება. მასში ერთი პატარა დეტალია ჩადებული: თუ მელია ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს, თანაც წერილობითი სახით, ისევ ციხეში დარჩება.

მეორე მხრივ, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე, ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამით დაჯარიმებული ადამიანების გულსაც მოიგებს. 2 და 3 ათასი ლარის ჯარიმების განულება ხუმრობა საქმე არ არის.

მელიას გათავისუფლების ყველაზე კარგი და მელიასთვის ღირსეული გზა მამუკა ხაზარაძემ მოიფიქრა – „ლელოს“ ლიდერი ცდილობს მელია დაითანხმოს როგორც ევროკავშირის გირაოს მეშვეობით ციხიდან გამოსვლაზე, ასევე პარლამენტში შესვლაზე, რადგან, მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, რასაც ოპოზიცია ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გარეშე ვერ მოახერხებს.

ნიკა მელიას ადვოკატები, რომლებიც მას ამ დღეებში ციხეში შეხვდნენ, აცხადებენ, რომ ევროკავშირის გირაოს გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამაზე მელიას თანხმობა აუცილებელი არაა, უბრალოდ, პროკურორი უნდა შევიდეს სასამართლოში პატიმრობის მოხსნის მოთხოვნით. მეორე მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, მელიას შეუძლია საპატიმრო დღესვე დატოვოს, ოღონდ მისივე თანხმობის შემთხვევაშიო. მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს მელია ციხიდან, ასე თუ ისე, აღიარებითი ჩვენებით გამოუშვას, ხოლო თავად მელია ცდილობს გმირად გამოვიდეს. საბოლოო ჯამში, იმედია, შარლ მიშელთან ერთად მიღწეული შეთანხმება ოდესმე შესრულდება. შესაძლოა ისევ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა რაიმე გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ჩქარობს.

ყველა ახალი ამბავი
0