14:58 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
57010

პანდემიისა და თანმდევი პრობლემების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, რომ სახელმწიფო მოხელეთა ოდენობა შემცირდეს.

ასეთი ინიციატივა ახლაც გაჩნდა და მას ოფიციალურად უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და თემურ ლომაია სთავაზობენ ხელისუფლებას.

წინადადება საკმაოდ რეალისტური ჩანს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კაკაბაძე ხელისუფლების მხარდამჭერ ექსპერტად ითვლება, ხოლო საშემოდგომოდ დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სრულიად შესაძლებელია, გაჩნდეს ასეთი კითხვა – მხარს უჭერთ თუ არა დეპუტატთა რიცხვის 100-მდე შემცირებას, რასაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი კიდევაც გაიზიარებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე სწორედ ნანა კაკაბაძის არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შემცირდა.

ინიციატორებს სამაგალითოდ ის მოჰყავთ, რომ 10-მილიონიან ისრაელს 120-ადგილიანი პარლამენტი აქვს, ესტონეთის პარლამენტი 101 წევრისგან შედგება, ლიტვის პარლამენტი - 141 წევრისგან, ლატვიის პარლამენტი - 100 წევრისგან და ა.შ.

„პარტიებს შორის შემდგარი მოლაპარაკებების თანახმად, კონსტიტუციაში დაფიქსირებული 5%-იანი ბარიერი უნდა ჩამოვიდეს 2%-მდე. ეს კი ხელ-ფეხს უხსნის ბევრ წვრილ და მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ თითო-ოროლა დეპუტატი გაიყვანონ პარლამენტში, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სრული პროპორციული საარჩევნო სისტემა თითქმის უცილობლად გულისხმობს კოალიციური მთავრობის შექმნას, დიდი ალბათობით, სწორედ ამ 2%-იანი პარტიების წარმომადგენელთა პოზიცია იქნება ძალიან ხშირად გადამწყვეტი უმნიშვნელოვანესი საქვეყნო საკითხების გადაჭრის დროს“, – წერს ნანა კაკაბაძე ვრცელ ფეისბუქ-სტატუსში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავის დროზე დიდი შეცდომა იყო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ამის კონსტიტუციაში დაფიქსირება, თუმცა კარგად გვესმის, რომ დღეს ამის შეცვლის საკითხის დაყენება, სამწუხაროდ, უაზრობა იქნებოდა, წერს კაკაბაძე.

მისი განცხადებით, ერთადერთი რეალური გზა, რომელიც შედარებით შეამცირებს ზემოხსენებულ მოსალოდნელ საფრთხეებს, იქნებოდა პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება 150-დან 100-მდე.

„ვფიქრობთ, მოტანილი არგუმენტები საკმარისია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყოს მსჯელობა ამ წინადადებაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში 2%-იანი ბარიერის გადასალახავად ამომრჩეველთა დაახლოებით 50-60 ათასი ხმის მოპოვება იქნება საჭირო და არა 30-32 ათასის“, – ასეთია ინიციატორების მოსაზრება.

კაკაბაძის ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ წრეებში. მართალია, ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას განსახილველ საკითხად ჯერ არ უქცევიათ, მაგრამ კომენტარებიდან ირკვევა, რომ უმეტესობა მხარს უჭერს დეპუტატთა რიცხვის შემცირებას. ზოგს კი ეშინია – „ამ მუქთახორების რიცხვი კიდევ უფრო არ გაზარდონ“, რაზეც კაკაბაძე ამშვიდებს, რომ 150 მათ მიერ რეფერენდუმზე დაყენებული კითხვის შედეგად გვაქვს და ამ რეფერენდუმის შედეგებს მხოლოდ რეფერენდუმითვე თუ გააუქმებენ. ზოგადად კი სრულად პროპორციული სისტემა ქვეყანაში ბევრს არ მოსწონს და გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომ სრულად მაჟორიტარული ჯობს...

გაიმართება თუ არა საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს და რა ფაქტორები შეუწყობს ამას ხელს, ამაზე მომდევნო სტატიაში გიამბობთ.

მთავარი თემები