13:20 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
93910

გახარიას და ვაშაძის გაერთიანება ის ვერსიაა, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია შოკში ჩააგდო.

ფართო საზოგადოებამ სწორედ მისი ფეისბუქ–სტატუსით შეიტყო, რომ გარკვეული სოციოლოგიური ჯგუფი სატელეფონო გამოკითხვით არკვევდა, როგორ შეხვდება ქართული საზოგადოება გიორგი გახარიასა და გიორგი ვაშაძის ალიანსს და რამდენად მოეწონებათ მათ მიერ მესამე ძალის ჩამოყალიბების იდეა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს სოციოლოგიური ჯგუფი სწორედ ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლთან“ მუშაობს. სხვათა შორის, გიორგი ვაშაძემ ძალიან მოზომილი განცხადება გააკეთა, როცა მას ჰკითხეს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე...

დღეისათვის ცნობილია, რომ გახარიას კადრები მასთან აქტიურ კონსულტაციებში არიან ჩართული და ბევრი მათგანი სახელმწიფო სამსახურიდანაც წავიდა. თავად გახარიას რომ კარგი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში, ესეც ფაქტია, მაგრამ ერთია პრემიერ-მინისტრის პოსტი, სადაც ყველა საჯარო მოხელე და პიარ-სამსახური შენზე მუშაობს, და მეორეა დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება, რასაც დიდი კავშირები, გავლენები და ფინანსები სჭირდება. გახარიას ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად აქვს.

სახელისუფლებო პრესაში უკვე ღიად იწერება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ დასამარცხებლად და პოლიტიკური ბრძოლის ველიდან გასაქრობად უნდა გამოიყენოს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი შეთქმულების მოწყობა სურდათ. უთანხმოება არის უთანხმოება და ამისი თამაში უბრალოდ წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ პარტიებში მუდმივად მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ბოლოს ივანიშვილი ნამდვილად არ გულშემატკივრობდა გიორგი გახარიას.

პირველ რიგში საკითხავია, ზოგადად მას სურს თუ არა ქართულ პოლიტიკაში შემობრუნება. გარდა პოლიტიკური შეხვედრებისა და კონსულტაციებისა, ითქვა ისიც, რომ ის საფრანგეთში ან რუსეთში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას. ჟურნალისტთა ნაწილი კი ირწმუნება, რომ აპრილის ბოლოს გახარია პარტიას დაარეგისტრირებს და შემდეგ მოკავშირეების ძებნას დაიწყებს, რათა რეალურად იქცეს მესამე პოლიტიკურ ძალად.

როგორც ჩანს, სწორედ ეს გათვალეს „სტრატეგია აღმაშენებელში“. თავად გიორგი ვაშაძე ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი პოლიტიკური ფიგურა. მან დამოუკიდებლად შეძლო პარლამენტში 4 დეპუტატის გაყვანა და ოპოზიციასა და ხელისუფლებასთანაც კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებს. მანვე განაცხადა, რომ მზადაა შევიდეს პარლამენტში, რათა ხელისუფლებამ შეძლოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. თავად საარჩევნო კოდექსი და 5-პროცენტიანი ბარიერი პარტიებს, ბუნებრივია, გამსხვილებისკენ უბიძგებს. ვაშაძემ უკვე დაინახა, რომ ცალკე მას და მის პოლიტიკურ გუნდს ეს წონა აქვთ და ამიტომ აქტიურად ეძებს პარტნიორებს. ის, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიბრუნებას აღარ აპირებს.

მიუხედავად იმისა, შემოვა თუ არა ყოფილი პრემიერი და საკმაოდ პოპულარული პოლიტიკოსი გიორგი გახარია დამოუკიდებლად პოლიტიკური ბრძოლის ველზე, ფაქტია, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის ადგილი თავისუფალია და მას, ადრე თუ გვიან, რომელიმე ჯანსაღი პოლიტიკური ძალა აუცილებლად დაეპატრონება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

მთავარი თემები