06:11 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
197 0 0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე რამდენიმე დღეა პატიმრობაში იმყოფება. გუშინ პროკურატურამ მას ისევ შესთავაზა გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლება.

პარტიის თავმჯდომარის დაკავებას მყისვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. ბუნებრივია, ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევდა გავლა, რომ არ დარღვეულიყო ბალანსი სამართალსა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის.

რადგან პროკურატურაც უკვე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ალაპარაკდა, იურისტები მსჯელობენ, რა გზით შეიძლება დააღწიოს თავი ნიკა მელიამ პატიმრობას.

ვერსია N1

გადაიხადოს გირაოს თანხა და მშვიდად დაელოდოს გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას. როგორც ჩანს, მელია ამის გაკეთებას არ აპირებს, სხვა შემთხვევაში მას გირაოს თანხის შეგროვება არ გაუჭირდებოდა. ასე რომ, ეს ვერსია არსებობს სამართლებრივად, მაგრამ რეალობაში მისი განხორციელება ახლა უკვე ძნელი წარმოსადგენია.

ვერსია N2

ნიკა მელიას საქმის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში – ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ უკვე უარი თქვა სარჩელის მიღებაზე, არის ვარიანტი, ადვოკატებმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის და პატიმრობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. ამ ვერსიის ნაკლი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც წესი, დროში იწელება და მელიას მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდება ლოდინი.

ვერსია N3

სტრასბურგის სასამართლო – ცნობილია, რომ სტრასბურგიც დიდი ხნის შემდეგ იხილავს საქმეებს, მაგრამ მას სხვა მექანიზმებიც აქვს. ძნელი სათქმელია, რამდენად მყისიერი იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, თუმცა იურისტთა წრეებში არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვოს 39-ე მუხლის საფუძველზე, თუ, რაღა თქმა უნდა, ნიკა მელიას ადვოკატებმა მას მიმართეს.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მელიას გათავისუფლებისა და მისი დაცვის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ სტრასბურგზე გადის. საქმე ისაა, რომ სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეს, დაკავებულის ან მისი ადვოკატის მიმართვის შემთხვევაში, შეუძლია საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ქვეყნის პირველ პირს მიმართოს და 24 საათის განმავლობაში მოითხოვოს დაპატიმრებული პირის გათავისუფლება. თუ ასეთი რამ მოხდა, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს დაეთანხმება, თუმცა უმრავლესობის წევრები ღიად აცხადებდნენ, რომ მელიას გამოწვევაზე სათანადო პასუხი გაეცა და საერთაშორისო რეაქციები გათვლილი ჰქონდათ.

ვერსია N4

მელიას გათავისუფლების კიდევ ერთი მექანიზმი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელშია. ცნობილია, რომ ის შეხვდა კიდეც საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ამ თემაზეც ესაუბრა. ბუნებრივია, ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებს. მეორე მხრივ, ამისთვის მელიას თანხმობაცაა საჭირო, ან მისი ოჯახისა და ადვოკატის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი.

ვერსია N5

ნიკა მელიას მეხუთე გზა ისაა, რომ იჯდეს ციხეში და მოიხადოს სასჯელი. თუმცა, ვფიქრობთ, მას მაინც ვადაზე ადრე მოუწევს საპატიმროს დატოვება და ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მიაღწევენ კომპრომისს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე. საკმარისია გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ გზით ითქვა უარი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაზე და ისინი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯებისგან. ასეა თუ ისე, კომპრომისი და ურთიერთმიტევება ყოველთვის უკეთეს შედეგებს გვაძლევს, ვიდრე დაპირისპირება, როგორც კაცობრიობის ისტორია გვკარნახობს.

 

მთავარი თემები