როგორ გაიყოფს ოპოზიცია ცოცხალი დათვის ტყავს?

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახსოვთ, ერთი ქართული ანდაზაა, ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფის თაობაზე? თუ გასულ კვირას ოპოზიციის სიხარულსა და იწილო-ბიწილოს დააკვირდებოდით, შეუძლებელია, ეს ამბავი არ გაგხსენებოდათ.

აქაოდა, ელჩების ძალისხმევით ოქრუაშვილისა და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მივაღწიეთო, კორონობიის გამო ლეიბორისტების ბაღშიც შეიკრიბნენ და ხელებიც გამარჯვების ნიშნად აღმართეს. ამავე დროს ოპოზიციამ დაანონსა, 20 ივნისს დიდ პირბადეებიან აქციას გავმართავთო. მანამდე კი საკონსულტაციოდ მუშა რეჟიმში გადაინაცვლეს. ერთადერთი ძალა, რომელიც არ კეკლუცობს და აცხადებს, ჩემს თამაშს ვთამაშობო, „ლელოა“. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა წესით, საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეთ. ასევე მაჟორიტარების ნაწილში „ლელო“ ფიქრობს, რომ გაცილებით მეტი რესურსი აქვს და 30 იქნება თუ 72 ოლქი, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება. საერთოდ, ეს არჩევნები რომ არნახულად რთული იქნება და განსაკუთრებული დატვირთვა მაჟორიტარებსა და ფინანსურ რესურსზე მოვა, ამას არავინ უარყოფს. შესაბამისად, ყველა პარტია ეცდება, საკუთარი ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.

სასიამოვნო, მაგრამ ცოტა სასაცილოა პრემიერობის კანდიდატების დასახელება. ზოგადად, ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ პარტიას ხმას მისცემს, რა პროგრამას და ვის სთავაზობს ის თანამდებობებზე, მაგრამ ქართული რეალობისათვის ჯერ ეს ცოტა ნაადრევიც აღმოჩნდა და - უცნაურიც. კაბინეტი ჯერ არ ვიცით, მაგრამ პრემიერად კი გიორგი ვაშაძე უმცროსი შემოთავაზებული გვყავს. არავინ უარყოფს, რომ ის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რამდენად დამოუკიდებელი და რეალისტურია მისი გეგმები და რამდენად არ „გადაირევა“ არჩევის შემთხვევაში წინა პრეზიდენტივით, ჯერ არავინ იცის. ოპოზიცია ასევე გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძისა და სხვათა კანდიდატურებსაც განიხილავს.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
მიიღებს თუ არა საქართველო პირველ კოალიციურ მთავრობას შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის?

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე ძალთა ისეთი გადანაწილება, როგორიცაა ყველა მინუს ერთი, არ გვექნება და არც ოპოზიციაში იქნება დიდი ერთსულოვნება, რასაც ძალიანაც წარმატებით წაახალისებს მმართველი პარტია.

ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსიც კი, როგორიც ზვიად ძიძიგურია, ამბობს, რომ 2020-ის არჩევნები იქნება ყველაზე რთული, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჰქონია.

როგორც ჩანს, დიდი იქნება საერთაშორისო ინტერესიც და თუ კორონამ არ შეგვიშალა ხელი, დამკვირვებლებიც ბლომად ჩამოვლენ.

დღევანდელი მდგომარებით ისე ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობა ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ მაჰათმა განდიც რომ იყოს, ნამდვილად არაა ეს ის თემა, რის გამოც წვალებით მიღწეული და თითქმის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაიცვალოს. სავარაუდოა, რომ ამ თემაზე დიპლომატები „ნაცებსა” და „ევრონაცებსაც“ „ტკბილად” დაელაპარაკებიან, რადგან ეს სისტემა, რომელიც 1 პროცენტიან პარტიებსაც კი აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს, ყველაზე მეტად, მმართველი პარტიის შემდეგ, მათ არ აძლევთ ხელს, რადგან ამ შემთხვევაში მრავალფეროვნება ჩნდება და მათი ხმებიც შესაბამისად, იქსაქსება.

როგორც ჩანს, ოპოზიცია 20 ივნისის აქციის ორგანიზებასა და კონსულტაციებში „მოკლავს” დროს უკეთეს მომავლამდე. და თუ საერთო პრემიერზე ვერა, იმედია, მაჟორიტარობის კანდიდატებზე მაინც შეთანხმდებიან. ყველაზე რთული და საინტერესოსი რა მოგახსენოთ და ოქტომბრის არჩევნები რომ პირბადეების ფონზე ჩაივლის, დღესაც აშკარაა. წამზომი კი უკვე ჩართულია და თუ პარტიას და მის ლიდერს მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა და ტრიბუნის შოვნა არ დაუსახავს მიზნად, უახლოეს მომავალში თავდადებულ შრომას უნდა შეუდგნენ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0