„რისკები რჩება“: ექსპერტმა OPEC+-ის შეხვედრის შედეგები შეაფასა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიOPEC
OPEC - Sputnik საქართველო
გამოწერა
OPEC+-ის წევრი ქვეყნები, მექსიკის გარდა, ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების პარამეტრებზე შეთანხმდნენ.

რადიო Sputnik-ის ეთერში ენერგეტიკულ საკითხთა ექსპერტმა იგორ იუშკოვმა შეხვედრის შედეგები შეაფასა და ისაუბრა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

OPEC+-ის წევრი ქვეყნები ათსაათიანი მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ მაის-ივნისში დღე-ღამეში 10 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, თუმცა შეთანხმება რომ ძალაში შევიდეს, საჭიროა მექსიკის თანხმობა. 

Opec-ის  ონლაინსხდომა - Sputnik საქართველო
ერთად გადავარჩინოთ ბაზარი: აშშ ნავთობის მოპოვებას ამცირებს

„ამ ეტაპზე სამეწარმეო ვალდებულებებმა ოპეკის წევრი ქვეყნებისთვის დღეში 6,085 მილიონი ბარელი შეადგინა, ხოლო ოპეკის არაწევრი ქვეყნებისთვის - დღეში 3,915 მილიონი ბარელი“, - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში.

ივლისიდან წლის ბოლომდე მოპოვება დღეში 8 მილიონი ბარელით შემცირდება. OPEC+ აგრეთვე იღებს ვალდებულებას, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე მოპოვება კიდევ 6 მილიონი ბარელით შეამციროს.

როგორც შეხვედრის დასკვნითი კომუნიკედან ირკვევა, რუსეთი და საუდის არაბეთი, OPEC+-ის ახალი შეთანხმების თანახმად, მაისიდან ივნისის ბოლომდე დღეში არაუმეტეს 8,5 მილიონ ბარელს მოიპოვებენ.

სააგენტოს წყაროს მონაცემებით, თავდაპირველად OPEC+-ის მონაწილეები ვერ თანხმდებოდნენ მოპოვების შემცირების დაანგარიშების საბაზისო დონეზე. მექსიკის ხელისუფლება თავიდანვე არ თანხმდებოდა გარიგების სამეტაპიან კვოტას, რომელიც დღეში 400 ათასი ბარელით ნაკლები ნედლეულის მოპოვებას ითვალისწინებდა, და ამ რიცხვის 100 ათასი ბარელით შეცვლის წინადადებით გამოდიოდა.

ოფიციალური მეხიკო მზადაა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეასრულოს მოპოვების შემცირების ვალდებულება სწორედ 100 ათასი ბარელით.

OPEC+-ის ქვეყნების მინისტრები პარასკევს ამ საკითხზე მოლაპარაკებას განაგრძობენ. 

რადიო Sputnik-ის ეთერით შეხვედრის შედეგებზე ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაციონალური ფონდის წამყვანმა ანალიტიკოსმა იგორ იუშკოვმა ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-ის ძველი ფორმატის მთავარმა მოთამაშეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და უმრავლესობა ეთანხმება გამოცხადებულ პარამეტრებს, არსებობს მექსიკა, რომელიც ამ პარამეტრების წინააღმდეგია. კონსენსუსის გარეშე გარიგება ვერ შედგება. წარმოების მოცულობის შემცირებაზე მომპოვებლები ყოველთვის მოლაპარაკების საფუძველზე თანხმდებოდნენ. თუ რომელიმე ერთი წევრი უარს აცხადებს მონაწილეობაზე, ყველა დანარჩენი სვამს კითხვას: რატომ უნდა შევამციროთ, როცა სხვა ამას არ აკეთებს და ჩვენი ძალისხმევის ნაყოფს იმკის? იგივე კითხვა დაისმის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრეც მონაწილეობდნენ შეთანხმებაში. ესენი, უპირველეს ყოვლისა, არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია“, — აღნიშნა იგორ იუშკოვმა.

მისი თქმით, აშშ აქამდე მოპოვებას ზრდიდა უმეტესად იმის წყალობით, რომ OPEC+-ის წევრი ქვეყნები შემცირებაზე თანხმდებოდნენ და ამგვარად ნავთობის ფასებს ინარჩუნებდნენ. დათანხმდება თუ არა ვაშინგტონი თავისი ნავთობის მოცულობის შეზღუდვაზე, უცნობია, ფიქრობს ექსპერტი.

„შეერთებულმა შტატებმა საგრძნობლად გაზარდა მოპოვება თავის ფიქალურ პროექტებზე სწორედ იმის გამო, რომ OPEC+-ის ქვეყნების შეთანხმება შესაძლებელს ხდიდა, ბარელი ნავთობის ფასი 50-60 დოლარის ნიშნულზე დარჩენილიყო. ახლა კი რუსეთი აყენებს პირობას, რომ ამერიკელებმა მოპოვების შემცირების პროცესში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. სწორედ ეს საკითხი განიხილება ონლაინ-შეხვედრის ფარგლებში. აშშ ბოლო დრომდე აცხადებდა, რომ წვლილს ბუნებრივი გზით შეიტანდა იმის ხარჯზე, რომ ამჟამინდელ ფასად მოპოვება ისედაც მცირდებოდა. მაგრამ დანარჩენი მონაწილეები აშშ-სგან ითხოვენ კონკრეტული მოცულობის დასახელებას და ამ კვოტების შესრულების გარანტიას. ჯერ გაუგებარია, აიღებენ ისინი ასეთ ვალდებულებას თუ არა“, — ამბობს იგორ იუშკოვი.

მისი პროგნოზით, თუ ყველა მიაღწევს შეთანხმებას, ფასები გარკვეული დროის განმავლობაში არ გაიზრდება.

„საცავების გადავსების სცენარის რისკი კვლავ არსებობს, ვინაიდან გარიგება 1 მაისიდან ამოქმედდება და აპრილში ნავთობსაცავების მნიშვნელოვანი ნაწილი მთელ მსოფლიოში შეივსება, ეს კი ბაზარზე ზეწოლას მოახდენს. ფასის აღდგენა დაიწყება ივნის-ივლისის შემდეგ, ჯერ კი 35 დოლარს არ ასცდება“, - მიაჩნია ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვან ანალიტიკოსს.

OPEC+-ის ქვეყნები 6 მარტს ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების ცვლილებასა და ვერც შეთანხმების გაგრძელებაზე. შედეგად - 1 აპრილიდან შეთანხმება გაუქმდა, რამაც, კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0