გევორგ მირზაიანი
სიტყვის პატრონი
ყველაფერი სირიასა და ერაყში შიიტური დაჯგუფებების პოზიციებზე აშშ-ის სარაკეტო თავდასხმებით დაიწყო. შედეგად, დაიღუპნენ არა მარტო სირიელები, არამედ ერაყელი მოლაშქრეებიც — აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის არმიის დე ფაქტო მებრძოლები. გაბრაზებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოს შეუტიეს.
შენობა მათ, რა თქმა უნდა, ხელში ვერ ჩაიგდეს, თუმცა ვაშინგტონის წინაშე 40 წლის წინანდელი ისტორიის (თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრა) აჩრდილი აღმოცენდა. შტატების ხელძღვანელობამ გადაწყვიტა შტურმის ინიციატორების დასჯა. არა თავისი სამხედროების, რასაკვირველია, არამედ ირანელების. აშშ-ის აზრით, შტურმის ორგანიზატორი იყო ყველა ირანული სამხედრო ოპერაციის მეთაური, ლეგენდარული გენერალი ყასიმ სულეიმანი. ამერიკელებმა იგი დემონსტრაციულად მოკლეს — სხვების ჭკუის სასწავლებლად.
თუმცა თეირანში ეს გაკვეთილი ვერ გაიგეს და დარტყმას დარტყმით უპასუხეს — სარაკეტო შეტევით ორ ამერიკულ ბაზაზე. უპასუხეს ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ ხუთ ათეულ ირანულ ობიექტზე სრულმასშტაბიან შეტევას განახორციელებდა (მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კულტურული ფასეულობის მქონე ობიექტებზე).
შედეგად ტრამპს — ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ ამერიკელ პრეზიდენტს — უნდა გადაეწყვიტა: შეესრულებინა დანაპირები და დაეწყო ომი, თუ დაემუხრუჭებინა? და ტრამპმა — ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე რაციონალურმა ცინიკოსმა პრეზიდენტმა — მეორე ვარიანტი აირჩია. სიტყვის პატრონმა თავისი სიტყვა უკან წაიღო. მან განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის დროს არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა და ამიტომ იგი თავს შეიკავებს სამხედრო თავდასხმისგან „ირანზე, რომელმაც უკან დაიხია“, და ამის ნაცვლად სანქციებსა და ზეწოლას აირჩევს.
გადაწყვეტილების მიზეზები გასაგები და რაციონალურია - აშშ-ის ომი ირანთან მოსპობს არა მარტო ისლამურ რესპუბლიკას, არამედ 2020 წელს ტრამპის ხელახლა არჩევის შანსსაც.
ყველაფერი ახლა იწყება
თუმცა ტრამპის საღი აზრი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვითარება დუნედ მიმდინარე კონფლიქტის კალაპოტში მოექცა. ეს კალაპოტი უკვე აღარ არსებობს. ვაშინგტონმა და თეირანმა ორივე მხარის მიერ პატივსაცემი წითელი ხაზები გადაკვეთეს და ახლა ორივე დედაქალაქში მზად არიან ახალი ბრძოლებისთვის, ერთგვარი დიპლომატიური ტერა ინკოგნიტასთვის.
პირველად ხაზი შეერთებულმა შტატებმა გადაკვეთა, როდესაც დემონსტრაციულად მოკლა ირანის ერთ-ერთი მაღალი რანგის სამხედრო პირი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ნაციონალური გმირი იყო და რომელსაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ისლამური რესპუბლიკის მომდევნო პრეზიდენტად არჩევის შანსი ჰქონდა.
შემდეგ ვაშინგტონმა უარი თქვა რიტორიკაზე - „ჩვენ ვებრძვით ირანულ რეჟიმს და არა ხალხს“, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს დაბომბავდა, ის ფაქტობრივად მთელ ცივილიზაციას დაემუქრა. ამ ორმა მომენტმა შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა მთელმა ირანულმა პროპაგანდამ - შეკრა ირანული საზოგადოება (რომელიც დაქსაქსული იყო სანქციების ეკონომიკური გავლენის გამო, ასევე იმის გამო, რომ ირანელების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი იყო იემენის, სირიისა და ერაყის ოპერაციებზე ისლამური რესპუბლიკის უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯი).
ვაშინგტონმა გააერთიანა არა მხოლოდ ირანელები, არამედ ერაყელებიც. საუდის არაბეთისა და სხვა ძალების მრავალწლიანი მცდელობა, ერაყელ შიიტებს შორის გაეღვივებინა უკმაყოფილება ირანის დომინანტი როლით ამ არაბულ ქვეყანაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა - ბაღდადის მახლობლად სულეიმანის კორტეჟზე დემონსტრაციულმა თავდასხმამ, ამის პარალელურად ერაყის შიიტური სახალხო ლაშქრის ლიდერის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და სხვა ერაყელი მებრძოლების მკვლელობამ ადგილობრივი შიიტები გააერთიანა.
თანაც ისე გააერთიანა, რომ მათ პარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც აშშ-ს მოსთხოვეს ერაყიდან ჯარის გაყვანა. და როდესაც ტრამპმა უარი განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიანიშნა, რომ ერაყის პარლამენტი გამოხატავს თეირანის და არა ერაყელი ხალხის ნებას - ამ ყველაფერმა ბაღდადში ანტიამერიკული განწყობა გააძლიერა.
რაც შეეხება ირანელებს, მათ ის გააკეთეს, რაც მანამდე არცერთ ქვეყანას არ გამოსვლია. მათ დემონსტრაციული სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ამერიკულ ბაზებზე და სანაცვლოდ არანაირი ძალისმიერი „პასუხი“ არ მიუღიათ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი წითელი ხაზი აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ეს უსაფრთხოება ეფუძნებოდა არა მხოლოდ ამერიკის სამხედრო ძალას, არამედ ამერიკის მტრების რწმენას იმისა, რომ შტატებზე თავდასხმის შემთხვევაში, მათ მთელი ამერიკული ძალა დაატყდებოდა თავს. ახლა ტრამპის გადაწყვეტილებამ, არ დაბომბოს ირანი, ეს რწმენა შეარყია. ესე იგი, მოსალოდნელია ახალი სამხედრო ინციდენტები.
შესაძლებლობები და რისკები
ირანი-აშშ-ის კონფლიქტს ყურადღებით აკვირდებიან დაინტერესებული ქვეყნები. ერთნი ამ კონფლიქტის მომგებიან მიმართულებებს იხილავენ, მეორენი - პოტენციურ დანაკარგებს, როგორც ეკონომიკურს, ისე პოლიტიკურს.
კონფლიქტის გამღვივებლების პირველ რიგებში, რასაკვირველია, ისრაელი და საუდის არაბეთი არიან. ორი ქვეყანა, რომლებიც დაინტერესებული არიან არა მხოლოდ კონფლიქტით, არამედ აშშ-ირანის ომით (თელ-ავივსა და ერ-რიადში ირანს იხილავენ, როგორც ეგზისტენციალურ მტერს და ამასთან ვერ უმკლავდებიან მას საკუთარი ძალით).
შესაბამისად, ისრაელი და საუდის არაბეთი უკიდურესად არიან დაინტერესებული ახალი ინციდენტებით, რომლებიც ტრამპს აიძულებს, შეასრულოს სიტყვა და ირანს შეუტიოს. მაგალითად, აშშ-ის მოქალაქეთა წინააღმდეგ ტერაქტებით, რომელთა კვალიც თეირანთან მივა.
უკიდურეს შეთხვევაში, გამოდგება ირანის დანაშაულებრივი ქმედება საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინააღმდეგ. ამ ქმედებებისთვის ისლამურ რესპუბლიკას შეიძლება ახალი სანქციები დაუწესონ.
დაზარალებულთა შორის კი, უპირველეს ყოვლისა, ირანის კონსტრუქციული მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი არიან. თუნდაც იმიტომ, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, ამ კავკასიური რესპუბლიკების ტერიტორიებს მიაწყდება მილიონობით ირანელი ლტოლვილი, რომლებსაც გამოკვება, ჩაცმა და განთავსება დასჭირდებათ.
მაგრამ თუ ომი არ იქნება, ამერიკა-ირანის ურთიერთობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ერევანსა და ბაქოზე ამერიკული ზეწოლის გაძლიერება, ირანის შემაკავებელ ღერძში ამ ქვეყნების ჩათრევის მიზნით. ზეწოლის ინსტრუმენტები კი ტრამპს ნამდვილად აქვს. ირანთან კონფლიქტში სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩათრევის წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ზეწოლის სერიოზული მეთოდებისთვის აშშ-ს ჯერ არ მიუმართავს.
დაბოლოს - ამერიკა-ირანის დაპირისპირების გამწვავებამ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს ამბიციური ეკონომიკური პროექტები, რომელთა ხორცშესხმა ერევანსა და ბაქოს თეირანის მონაწილეობით უნდათ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნებზე (რომლებიც ევროპასა და ინდოეთის ოკეანეს სუეცის არხის გვერდის ავლით დააკავშირებს), ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.
ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას!