08:50 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661

მეორადი შეიარაღება: როგორ კატარღებს გადასცემს აშშ უკრაინას

© photo: Sputnik / Stringer
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (277)
77 0 0

კიევში მიიჩნევენ, რომ Island-ის ტიპის საპატრულო კატარღების ცალკეული უკრაინული დივიზიონი შეძლებს უახლოესი საზღვაო ზონის გაკონტროლებას და ხმელთაშუა ზღვაში გასვლას ნატოს გემების დასახმარებლად.

ალექსანდრ ხროლენკო

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ტურბულენტური ხასიათი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ამტკიცებს: ამერიკული იარაღი რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერავის შეუცვლის.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მსოფლიო ოკეანეში ახალი ნაბიჯი გადადგეს – 9 ნოემბერს აშშ-დან სატვირთო გემ Ocean Freedom-ით ჩამოტანილი Island-ის ტიპის ორი ძველი საპატრულო კატარღა – Р 190 „სტარობელსკი“ და Р 191 „სლავიანსკი“ გამოსცადეს. ეს მცურავი საშუალებები ჩამოწერამდე აშშ-ის სანაპირო დაცვაში Cutters Drummond-ის და Cushing-ის სახელწოდებით იყო ცნობილი. 30 წლის ექვს ასეთ „ბებრუცუნას“ იშვიათი წარმატება ხვდა წილად – ახალი სიცოცხლის დაწყება უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში. შეერთებული შტატების გადაწყვეტილების ხორცშესხმას ორ წელიწადზე მეტი დასჭირდა. 

კიევში მიიჩნევენ, რომ Island-ის ტიპის საპატრულო კატარღების ცალკეული უკრაინული დივიზიონი შეძლებს უახლოესი საზღვაო ზონის გაკონტროლებას და ხმელთაშუა ზღვაში გასვლას ნატოს გემების დასახმარებლად. თუმცა, „სტარობელსკისა“ და „სლავიანსკის“ პირველივე გასვლა ოდესის რეიდზე გააფერმკრთალა უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის რობერტ ო'ბრაინის განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას მუდმივად ვერ აღმოუჩენს, და იმედი გამოთქვა, რომ კიევი და მოსკოვი შეთანხმებას მიაღწევენ.

აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს 250 მილიონ დოლარს უკრაინის უშიშროების გასაძლიერებლად. 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებდა კიევის სამხედრო დახმარებას 350 მლნ დოლარის ოდენობით. ხუთ წელიწადში უკრაინის სამხედრო ძალების ამერიკულმა მხარდაჭერამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონმა უკრაინას 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუყინა, მსგავსი სეკვესტრი კი კიევს კარგს არაფერს უქადის. და, მაინც – თავდაპირველად კატარღების საქმე მიმოვიხილოთ.

პირობითად საბრძოლო

აშშ-ის სანაპირო დაცვა არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას და ასრულებს საბაჟო-საპოლიციო ფუნქციებს ქვეყნის სანაპირო წყლებში. მის ბოლოდროინდელ საგმირო საქმეებს შორისაა – ივნისში 7 ტონა კოკაინით დატვირთული კონტრაბანდისტების ხომალდის დაკავება. სამსახურის სამართალდამცველი ფუნქცია ზღუდავს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს. შორეულ რეისებსა და საზღვაო აღჭურვილობას კი Island-ის ტიპის კატარღები მხოლოდ სიზმრად თუ ნახავენ. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა უკრაინის „საოკეანო ფლოტი“ აშშ-დან ოდესის ნავსადგურში სატვირთო გემით. 

სანაპირო ზონის საზღვაო გემები (ნაპირიდან 500 მილის დაშორებით ცურვის შესაძლებლობით), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფენ ფლოტის ძირითადი ძალების – სარაკეტო გემებისა და წყალქვეშა ნავების განლაგების მოხერხებულ ოპერატიულ რეჟიმს, მოიერიშე გემების ჯგუფების საბრძოლო მდგრადობას (ხელს უშლიან მოწინააღმდეგის მოქმედებას წყალზე და წყალქვეშ). მსგავსი ამოცანების შესრულება არ ხელეწიფებათ პატარა, პრაქტიკულად უიარაღო საპატრულო კატარღებს, რომელთა კორპუსებიც მოდერნიზაციის პროგრამის შემდეგ გამოცდის დროს მაღალი სიჩქარის განვითარებისას დაიბზარა.  

Island-ი 169 ტონა წყალწყვის ხომალდია, სიგრძით 34 მეტრია, ხოლო სიგანით – 6,4 მეტრი, მისი მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 28 კვანძია, ეკიპაჟი 16 კაცისგან შედგება, ავტონომიურობა – 5 დღე-ღამემდეა. კატარღა Mk 38 Mod 0 Bushmaster 25-მილიმეტრიანი ავტომატური საარტილერიო დანადგარით და М2НВ ორი 12,7-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით არის აღჭურვილი.

ბორტზე აქვს არც ისე თანამედროვე რადიოლოკაციური გადამცემი AN/SPS-73 და გასაბერი ნავი. ეს აღჭურვილობა სავსებით საკმარისია აშშ-ის წყლებში უკანონო მიგრაციისა თუ ნარკოტრაფიკის აღსაკვეთად. Island-ის ექვსი კატარღით შავი ზღვის უახლოესი ზონის გაკონტროლება და ამასთანავე ხმელთაშუა ზღვაში ნატოს დახმარება – არასამეცნიერო და არასაომარი ფანტასტიკაა.

ჰიპოთეტურადაც კი საპატრულო კატარღების აქტიურობა რუსეთის შავი ზღვის თანამედროვე ფლოტის ფონზე სრულიად უსუსურად გამოჩნდება.

პირობითად უფასო

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები მოიერიშე ხომალდებს პრაქტიკულად არ ფლობენ. გემთმშენებლობის სერიოზული გეგმებიც არ გააჩნიათ. ერთადერთი ფრეგატის „გეტმან საგაიდაჩნის“ რემონტი, როგორც ჩანს, არასოდეს დასრულდება. Island-ის ანტიკვარული კატარღების მთელი დივიზიონიც კი ვერ გაუმკლავდება ნებისმიერ ამოცანას. ამერიკული საჩუქარი მხოლოდ წვრილ-წვრილი პროვოკაციებისთვის თუ გამოდგება, თუმცა უკრაინული ბიუჯეტიდან საკმაო თანხას წაიღებს.

შეერთებული შტატების ნაჩუქარი ორი საპატრულო კატარღა უკრაინის ბიუჯეტს 10 მლნ დოლარი დაუჯდა – 5 მლნ თითო. ნათელია, რომ დარჩენილი ოთხი კატარღისთვის კიევს კიდევ 20 მილიონის გადახდა მოუწევს. ამასთან, მცურავი საშუალებები იქნება კვლავაც ძველი, არასაიმედო, ეკიპაჟისთვის სახიფათო, ისინი ხომ კორპუსის დეფექტის გამო 2017 წელს არის ჩამოწერილი, ბოლოს კი ჩამოწერამდე ხუთი წლით ადრე შეაკეთეს.

წესით, მსგავსი ხარახურა ნაგავსაყრელზე უნდა გაიგზავნოს. მაგრამ მოხერხებული ამერიკელები უტილიზაციაში ფულს არ ხარჯავენ. მათ ისწავლეს ჩამოწერილი სამხედრო ქონების მოკავშირეებისთვის მისაღება დემპინგურ ფასად. 2015 წელს Island-ის სამი კატარღა შეიძინა პაკისტანმა, ერთი წლის შემდეგ – ორი კატარღა საქართველომ, 2017-ში კი – ორი კოსტა-რიკამ.

თუმცა ნატოს სტანდარტებით ყოველწლიური ანტირუსული წვრთნების ჩატარებითა და აშშ-ის სანაპირო დაცვის გაცვეთილი მცურავი საშუალებების გამოყენებით საგმირო საქმეები არ კეთდება. ვაშინგტონის კეთილგანწყობა „უმცროსმა პარტნიორებმა“ შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაკარგონ. და მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაიცავს მათ ნებისმიერ იარაღზე საიმედოდ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (277)

მთავარი თემები