17:47 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
საქართველოს პარლამენტი

ვინ ვისთან ერთიანდება და ვის აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი

© Sputnik / Alexander Imedashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
190 0 0

„Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი ლანა ჩეჩელაშვილი შეეცადა არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე გაეანალიზებინა, რა შანსები აქვთ პოლიტიკურ ძალებს, რომ მოხვდნენ პარლამენტში და ვინ ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს.

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანა უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობას და, საერთოდ, ხელისუფლებაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ყოფნას პარლამენტის შემადგენლობა განსაზღვრავს. მართალია, „ქართული ოცნება“ 2030 წლამდე აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას და ამისათვის ეფექტური მენეჯერიც მოძებნა გიორგი გახარიას სახით, მაგრამ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ თუ მთლად ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, კოალიციური მთავრობა მაინც რეალობა გახდება.

სქემა დღევანდელ რეალობას ასახავს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასში გათვალისწინებულია არა მხოლოდ არსებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, არამედ მეტ-ნაკლებად მკაფიო პოლიტიკური პოზიციების მქონე ადამიანების შანსი – შექმნან პოლიტიკური ძალები.

მაშ ასე, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში 400-მდე პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ მათგან მხოლოდ 30-მდე ახერხებს აქტიურობას პოლიტიკურ პროცესებში.

როგორც ჩანს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ნულოვან ბარიერზე ფიქრთან ერთად „ქართულ ოცნებაში“ დეტალურად დაითვალეს, ვის რა შანსი აქვს 2020-სთვის. ამავე ოპერიდანაა ისიც, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ბლოკების შექმნა აკრძალულია. მინიმუმ 3-პროცენტიანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების დაშვება ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს. ექსპერტების აზრით, „ქართულ ოცნებას“, პირიქით, ურჩევნია პარლამენტში ბევრი პოლიტიკური პარტია მოხვდეს და შემდეგ მათთან თანამშრომლობით შექმნას კოალიცია. თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში ხელისუფლება ისევ საკონსტიტუციო თუ არა, ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვებას მაინც ეცდება. ეს მმართველი პარტიის უცვლელმა სპიკერმა გია ვოლსკიმ უკვე განაცხადა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრობით ხელისუფლებამ ხისტი პოლიტიკა აირჩია და, შესაძლოა, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. უსუფაშვილის აზრით, ივანიშვილი მდგომარეობას ისე დაძაბავს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის იყო, რათა ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში, ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი 12-მდე პოლიტიკურ ძალას აქვს.

პარლამენტში საკმაოდ სერიოზულ დეპუტაციას გაიყვანს „ქართული ოცნება“. გამორიცხული არაა, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებისას ასევე დადგეს პარლამენტის 120 ან 100 ადამიანამდე შემცირების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში, „ოცნების“ საარჩევნო მიზანი 75 პლუს ერთი დეპუტატის გაყვანა იქნება.

სერიოზული წარმომადგენლობა ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა მათ ნამდვილად ურჩევნიათ საარჩევნო სიაში „გაერთიანებული ოპოზიცია“ ერქვათ.

მესამე საპრიზო ადგილს, სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური ძალა მოიპოვებს, თუ ისინი იმ პროდასავლური ძალების კონსოლიდაციას მოახერხებენ, ვისაც არც ერთ, არც მეორე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირება არ სურს. ანა ნაცვლიშვილის სპიკერობა სიგნალია სწორედ იმ დასავლური ძალებისთვის, რომელთაც მესამე გზა სურთ. ვნახოთ, რამდენად დაუჭერს მხარს დასავლეთი ახალ პოლიტიკურ ძალას და ვინ იქნებიან მისი სახეები. ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

გახარიას მუქარის მიუხედავად, მე თქვენ დაგასრულებთო, პარლამენტში მოხვდება „ევროპული საქართველოც“. გარდა იმისა, რომ პარტიას რეიტინგიც აქვს და ლიდერებიც მუშაობენ საზოგადოებასთან, არც დაფინანსება აკლია, არც საეთერო დრო საპარლამენტო დეპუტაციის წყალობით და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილიც კარგი თვალით უყურებს.

პარლამენტში ასევე მოხვდება ხელისუფლების ფავორიტი პრორუსულ ფლანგზე – ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც უდავოდ ხალხურია, მაგრამ მომავალი პარლამენტისთვის, იმედია, უფრო სერიოზულ და რესპექტაბელურ დეპუტაციას შეარჩევენ.

14 000 მხარდამჭერის მობილიზება, წესით, უპრობლემოდ უნდა შეძლონ: შალვა ნათელაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ალეკო ელისაშვილმა. თუ პირველი ორი ზუსტად ვიცით, რომ დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ელისაშვილი, შესაძლოა, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანდეს.

საქართველოში დაბოლილთა და მარიხუანის ლეგალიზების მომხრეთა სიმრავლის გამო უდავოდ დიდია შანსი, პარლამენტში "გირჩიც" შევიდეს. აქაც „ნაციონალები“ ხშირად ამბობენ, რომ „გირჩები“ ქვეყნის მმართველის ჩუმი სიმპათიით სარგებლობენ და სწორედ კუბლაშვილები ულაგებენ ხელისუფლებას საქმეებს სასამართლოში.

სხვათა შორის, ასევე ყოფილმა „ოცნებელმა“ დავით ჭიჭინაძემ დღეს ღიად დააანონსა, რომ მოსამართლეთა ახალი, 20-კაციანი სიის გამო უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს პროტესტის ნიშნად. ამასაც უახლოეს თვეებში ვიხილავთ, რადგან კომისია უკვე შექმნილია ანრი ოხანაშვილის თავმჯდომარეობით და მოსამართლეთა სიის განხილვაც, სავარაუდოდ, ოქტომბერში მაინც დაიწყება.

ვარაუდობენ, რომ პარტიას შექმნის უზნეობის წინააღმდეგ მებრძოლი ხის კომბლიანი რაინდი ლევან ვასაძეც, რომელიც ამომრჩეველს, სავარაუდოდ, ინაშვილს და „ოცნებას“ თუ წაართმევს.

აი, უსუფაშვილისა და კახა შარტავას ამომრჩეველი არასოდეს მისცემს ხმას ლევან ვასაძის პარტიას. ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ გაერთიანებასაც შეუძლია საკუთარი წარმომადგენლობა შეიყვანოს პარლამენტში. თუ რამდენი და როგორ, ეს მათ დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს გიორგი ვაშაძეს, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსობის გამო, სავარაუდოდ, მას უკვე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად თავის წარდგენა გაუჭირდება.

პარლამენტში მოხვედრას შეეცდება ეკა ბესელიაც, მაგრამ ამ გამოცდილ პოლიტიკოსს პარლამენტში ისე შემოაძარცვეს მხარდამჭერები, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ არ აირჩია სპიკერად, დამოუკიდებლად საარჩევნო ბრძოლაში გამარჯვება გაუჭირდება. თუმცა, ვნახოთ.

სავარაუდოდ, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ პოლიტიკური ძალები პროდასავლურობისა და პრორუსულობის ნიშნით დაჯგუფდებიან, თუმცა სახელისუფლებო პარტიას, პოლიტიკური კონიუნქტურისა და საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით, ორივე ფრონტზე მოუწევს შრომა.

ვინ ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ვინ ვისთან აპირებს პარლამენტს შიგნით თანამშრომლობას, ამაზე მომავალ სტატიებში გიამბობთ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები