01:14 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მამუკა ხაზარაძე

გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი კვირიკაშვილის ტანდემი მესამე ძალა?

© photo: Anaklia Port / FB
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
352 0 0

იმ დროს, როცა ლარი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს და რუსეთიდან მოსალოდნელი სანქციების გამო მისი კიდევ უფრო გაუფასურებაა სავარაუდო, ბანკირები პოლიტიკაში მოსვლას აანონსებენ.

დიდი ხანია მასმედია წერს ე.წ. მდიდრების პარტიის შესახებ, რომელშიც მამუკა ხაზარაძესთან ერთად გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი მოიაზრება. მათთან იქნებიან, სავარაუდოდ, პარლამენტში კვირიკაშვილის კვოტით მოხვედრილი დეპუტატების ერთი ნაწილიც.

მიმართვაში, რომელიც „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა დღეს გაავრცელა, ხელისუფლებასთან მის წყალგამყოფად 20 ივნისის ღამე დაასახელა. თუმცა დაპირისპირება, რეალურად, უფრო ადრე დაიწყო. ყველას კარგად გვახსოვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული დებატები და ხაზარაძის დაპირისპირება გიორგი გახარიასთან. ქართველი ჟურნალისტები წერენ, რომ სწორედ გახარიამ დაუდო ბიძინა ივანიშვილს მაგიდაზე ჩანაწერები, რომელშიც ნათლად ჩანდა, როგორ ასმენდა კვირიკაშვილი დასავლელ დიპლომატებთან პარტიის ლიდერს და ამ ჩანაწერებმა გადაწყვიტა კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაც.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს ინფორმაცია ხაზარაძე–კვირიკაშვილის პოლიტიკური ზრახვების შესახებ და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ყველაზე მაღალტირაჟიანი მედიასაშუალებით წარმოაჩენს მათ საქმიანობას.

ნამდვილად ჯობდა, ხაზარაძეს წინა რიგებში სწორედ ის ახალგაზრდები დაეყენებინა, ასე შეუპოვრად რომ აპროტესტებენ მოვლენებს. ანუ მათ რეალურად მეტი მხარდაჭერა ექნებოდათ, ვიდრე ხაზარაძე–კვირიკაშვილი–ქუმსიშვილის გაერთიანებას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სამივე მათგანის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული და პოლიტიკური აქტივობით ისინი ერთგვარ იმუნიტეტსაც მოიპოვებენ.

თავდაჭერით შეხვდა ხაზარაძის პოლიტიკაში შესვლას ოპოზიციური სპექტრი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ ხაზარაძე ან ახლა უნდა წასულიყო პოლიტიკაში, ან საერთოდ არასოდეს აღარ ამოეღო ხმა. ხელისუფლებამ ის კუთხეში მიაყენა და სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა.

დიდი ხანია ეჭვობენ, რომ შარშანდელი ანტისამთავრობო აქციების უკანაც იგივე ჯგუფი იდგა და ის აფინანსებდა, თუმცა, ბუნებრივია, საპროტესტო აქციებზე მრავლად არიან რეალურად შეწუხებული მოქალაქეებიც. ის, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მაღალია, ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ თბილისში ოთხი სხვადასხვა აქცია იმართებოდა.

საბედნიეროდ, პოლიციამ ამჯერად მეტი სიფრთხილით და კანონის ფარგლებში იმუშავა, თუმცა მათ რომ უშიშროების საბჭოს დახმარება და ანტიკრიზისული გეგმა სჭირდებათ, ფაქტია.

საბჭოს მდივნად კარგა ხანია გიორგი გახარია დაინიშნა, მაგრამ, როგორც ცნობილია, საბჭოს ჯერ აპარატი არ ჰყავს. სასურველია, თუ სახელისუფლებო წრეებში მაინც დაიდება სიტუაციის განმუხტვის რამდენიმე ვერსია.

ისევ ხაზარაძის მოძრაობას რომ დავუბრუნდეთ, მისი ახალი სახეების გამოჩენა სექტემბერშია მოსალოდნელი. უკვე გაცხადებულია მოძრაობის პროდასავლური კურსი. თუმცა, მაგალითად, პოლიტიკოსი და ნინო ბურჯანაძის თანამოაზრე გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ ხაზარაძე კიდევ ერთ „ნაციონალური მოძრაობის ბიძაშვილ პარტიას“ შექმნის.

ნულოვანი ბარიერის წყალობით, ბუნებრივია, პარლამენტში ბევრი ისეთი პარტია აღმოჩნდება, ვისაც ფული, გავლენა და 15 ათასი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ პირადად მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც, ალბათ, იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს, რომელიც ადამიანურ ენაზე აგვიხსნის, რა ემართება ლარს, როგორ უნდა ირჩინოს თავი საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა არსებული ინფლაციისა და გაძვირებული ფასების ფონზე და როგორ ავაყვავოთ ქართული ეკონომიკა. მოკლედ, ქართული ერჰარდის გეგმა გვჭირდება.

პოლიტიკოსები ხშირად ჰპირდებიან ადამიანებს, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩემსას რომ მოვრჩები, მერეო. კვირიკაშვილმა უკვე აიშენა კოშკი პოლიტიკაში ყოფნისას. ხაზარაძესაც უნდა ჰქონდეს, წესით, როგორც ბანკირს. ვნახოთ, რით მოხიბლავენ ისინი საქართველოს მოსახლეობას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

მთავარი თემები