ლანა ჩეჩელაშვილი
მართალია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატები ფეოდალებად მოიხსენია, რომლებიც რეგიონებს აწუხებენ, მაგრამ ხელისუფლებას არჩევნების მაჟორიტარული სისტემა მაინც არ ეთმობა. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემითაა არჩეული და ხელისუფლებისათვის დიდ ფორას წარმოადგენს, რადგან დიდი შემოსავლის მქონე ხალხი, ვისაც არჩევნების მოგების მეტი შანსი აქვს, ხელისუფლებასთან დაახლოებას ცდილობს. ასე აღმოჩნდნენ „უმრავლესობის" უმრავლესობაში ოქრიაშვილები, ლიპარტელიანები და სხვა ყოფილი „ნაციონალები".
შედგება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე?>>>
ბოლო სოციოლოგიური კვლევით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ" გამოაქვეყნა, მოსახლეობის 45% მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუთი თუ ვიმსჯელებთ, მმართველი პარტია, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, 2020 წლისთვის ამ სცენარის დაშვებას არ აპირებს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც, ისევე, როგორც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ მთლიანად პროპორციულ წესით არჩევნების სისტემაზე საქართველო მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გადავა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების რეალიზება 2024 წელს უწევს, თუმცა ექსპერტები არც ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავენ.
მართალია, ჟურნალისტი ელისო კილაძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, მაგრამ უცნობია, რა აძლევს მას ამ ოპტიმიზმის საფუძველს.
ვის მხარეს დადგებიან პირველი პრეზიდენტის მომხრეები?>>>
მეორე საკითხია, რამდენად არიან მზად პოლიტიკოსები არჩევნებისათვის, როგორი წესითაც არ უნდა ჩატარდეს ის? არჩევნებს იგებს ფული ან იდეა, საუკეთესო შემთხვევაში – ორივე ერთად.
„ქართული ოცნების" ფონზე ერთადერთი პარტია, რომელიც ფინანსების შოვნას ახერხებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". ამ ადამიანებმა შესანიშნავად უწყიან, რა თბილია სახელისუფლებო სავარძელი და არც პარტიულ რესურსს და არც ფინანსებს არ იშურებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ხელისუფლებაში მოსასვლელად.
10%-იანი წარმატების შანსი აქვს პარტია „ევროპელ დემოკრატებს", თუ „ნაციონალებთან" ალიანსში არ შევიდნენ.
2020 წლისთვის 3%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი რამდენიმე ოპოზიციურ ძალას უჩნდება, რის გამოც მომავალი პარლამენტი გაცილებით საინტერესო, ხოლო მთავრობა, შესაძლოა, კოალიციური იყოს. თუმცა, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის წყალობით მაქსიმალური შედეგის დადებას ეცდება. ვნახოთ, რამდენად მძაფრი იქნება საგარეო ზეწოლა და აიძულებენ თუ არა მმართველ პარტიას „ფეოდალი" მაჟორიტარები 2024 წლამდე დათმობას...