08:54 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

როგორ, რისთვის და რატომ? ანუ დევნილი მიხეილის მიზნები...

© photo: Sputnik / Stringer
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
637 0 0

უფრო მეტი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები... გარიყულთა თვითგადარჩენის უკანასკნელი მცდელობა... ვინ დარჩება ჭაობის ფსკერზე და ვინ განაგრძობს ტივტივს?

სამსონ ხონელი

ქართველები ჯიუტი ხალხი ვართ და არ გვინდა დავიჯეროთ, რომ „ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას“... არადა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემხედვარე ვრწმუნდები, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრად მეტი – პოლიტიკური გვამის გაცოცხლებაც ძალუძს. ეს კი ის არის, რასაც გაფრენის ჟინით შეპყრობილი ბიძია-ბაბუა, ქრისტეფორე მგალობლიშვილი ვერაფრით წარმოიდგენდა მაშინ, როცა ერთაოზ ბრეგვაძეს მოძღვრავდა.

აი, რას ნიშნავს, რომ „სიყვარულია მშობელი ოცნების“... ეს ხუმრობით, სადაც იყო ბევრი სიმართლე და ცოტა იუმორი.

ახლა სერიოზულად მივუდგეთ საკითხს: ერთ-ერთი მოსაზრებით, როგორც არ უნდა დამთავრდეს მომავალი პოლიტიკური დუელი, საარჩევნო მარათონის შუალედური ფინიშის შედეგი მიხეილ სააკაშვილისთვის უკვე წარმატებაა. პოლიტიკოსისთვის მომაკვდინებელია, როცა იგი აღარ არის „აქტუალური“ და მასზე აღარ „ლაპარაკობენ“. თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არა აქვს „რას ლაპარაკობენ“ და „როგორ ლაპარაკობენ“. მთავარია, რომ ლაპარაკობენ, აინტერესებთ და ა.შ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ორივე ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. პირველი – საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლაში პრაქტიკულად არ დამარცხდა, მმართველი გუნდის „დამოუკიდებელ“ კანდიდატს არასრული ერთი პროცენტით ჩამორჩა და მეორე ტურის წინ გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა. მეორე – სასტიკად დაამარცხა ყოფილი თანაგუნდელები, რითიც ხანგრძლივი ვადით განიმტკიცა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი.

ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამას ხელი არ შეუშლია დროებითი შერიგებისთვის. საარჩევნო მარათონის დასაწყისშივე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თერთმეტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გიორგი დანელიას ფილმის „მიმინოს“ ცნობილი პერსონაჟის სახელი „ნუგზარი“ უწოდა. მერე რა? ახლა ისიც თანაგუნდელებთან ერთად იქ არის, სადაც კარი ღიაა ყველასთვის! „ევროპული საქართველო“ მეთორმეტე იყო... რა საკრალურია!

არის სხვა შედეგიც, თუმცა ძნელად გასათვლელია, როგორი იქნება ამ „სხვა შედეგის“ შედეგი. როგორ აისახება ის ხმის მიცემის პროცესზე. არ დაიბნე ერთგულო მკითხველო. საქმე ისაა, რომ დიდ ერთობაში, არ ვიცი, ვისთვის როგორი, ჩემთვის კი „სერიოზული“ მატებაა. ხუმრობა ხომ არ არის, „ბრწყინვალე“ ალიანსს „რესპუბლიკური პარტიაც“ მიემატა. შესაძლო ელექტორალური ნადავლი თქვენ დათვალეთ, მე ძმები ბერძენიშვილის სიტყვები მინდა გავიხსენო: „საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა. მე აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან „შნურით“ მიბმული. ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო. მე ვფიქრობ, არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილია თუ ახლანდელი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო. სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან...“ − ბრძანა ლევანმა. დავითი კიდევ უფრო შორს წავიდა და ჯერ არშეერთებულებს მოუწოდა − „გამოდით და განაცხადეთ, რომ მიშას გრიგოლის გამარჯვება ბიძინას სალომეს გამარჯვებაზე უარესი გგონიათ!..“

არ ვიცი სხვა რას ფიქრობს, მაგრამ „მეცამეტე გოჭს“ მალევე მიჰყვა მომდევნოც. „პოლიტიკური ქორწინებების“ ყველაზე ოდიოზური ფიგურანტი უთუოდ ირაკლი ოქრუაშვილია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი, სატელევიზიო დაჭერების მთავარი გმირი და, შესაძლოა, „პროდიუსერიც“ კი... გამორჩეული ჯერ სკანდალური განცხადებებით პარტიიდან წასვლისას და შემდეგ ცრემლნარევი აღიარებითი ჩვენებებით წინასწარი დაკავების საკნიდან. და, ისევ, მერე რა, რომ, როგორც გიგი უგულავამ ბრძანა − „ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!..  

პირდაპირ ვუთმობთ მორალურ უპირატესობას „ოცნებას“, მორალური უპირატესობის დაკარგვა მეორე ტურში მარცხს ნიშნავს“...

ერთი სიტყვით, კარი ღიაა და ახლა საკითხავია, ვინ რა მიზნით ლახავს ამ ღია კარის ზღურბლს.

სავარაუდოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი პოლიტიკური პარტიებისთვის „დიდი ერთობა“, სულ ცოტა, პოლიტიკური ჭაობის ზედაპირზე ტივტივის უკანასკნელი მცდელობაა. 

ორიოდე სიტყვა ვთქვათ ამ „დიდი ერთობის“ მთავარი არქიტექტორის მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებზეც. მავანთ გულწრფელად ჰგონიათ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახლა უკვე პრემიერ-მინისტრობა უნდა. ვეჭვობ ასე იყოს. ეს ის პოსტია, სადაც საქმეა საკეთებელი და თან რისკებიც ბევრია. ეს, შესაძლოა, დასავლეთისთვისაც მიუღებელი იყოს – როგორც რუსეთთან „კონფლიქტოგენური ფაქტორისა“... ასეა თუ ისე, ისიც ფაქტია, რომ მან პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატიც დაასახელა – გიორგი ვაშაძე, და, ვფიქრობ, არც თვალთმაქცობდა. სავარაუდოდ, არც მაშინ იტყუებოდა, როცა ქვეყნის „მთავარი ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, არანაირი თანამდებობა არ მინდაო. სახელმწიფო თანამდებობებს გულისხმობდა. რასაკვირველია, მმართველი პარტიის თავმჯდომარეობაზე არ იტყვის უარს. ის საკუთარ თავს „რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსს“ უწოდებს და არ მალავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი გუნდის მოყვანა, ანუ ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მისივე „რეგიონული გავლენის“ გაძლიერებაა. 

მსჯელობის ცალკე თემაა ე.წ. შეწყალებების საკითხი. მიხეილ სააკაშვილმა ერთი შეხედვით მოულოდნელი განცხადებები გააკეთა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართა − შესაწყალებელი რა მჭირსო. რაც მთავარია, თანაგუნდელებს ძალოვანი სტრუქტურებიდან – ვანო მერაბიშვილს, დათა და ბაჩო ახალაიებს, მეგის ქარდავას და სხვებს მოურიდებლად უთხრა − არ ვაპირებ თქვენი ცოდვების საკუთარ თავზე აღებას, საფლავში ხომ არ ჩაგყვებითო. ამას ეუბნება დღეს მესამე პრეზიდენტი, რაკი შესანიშნავად იცის, რომ მათი შეწყალება არაპოპულარული თემაა, ხმებს აკარგვინებს გრიგოლ ვაშაძეს და საფრთხეს უქმნის პირადად მის და არა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მეორე ტურში.

გისოსებს მიღმა თუ ჯერ კიდევ ძებნაში მყოფი თანაგუნდელებისადმი დამოკიდებულება ყველაზე ზუსტად მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება ნამდვილად აღარ უნდა, ამიტომაც მათი ერთგულებაც და პროფესიონალიზმიც აღარ სჭირდება... „პოლიტიკა სასტიკია“ და პრაგმატიზმის გარეშე ბევრს ვერაფერს მიაღწევ. ყოფილ პრეზიდენტს დიდი „რეგიონული“ გეგმები აქვს და ისინი სცილდება საქართველოს.

წინ არჩევნების მეორე ტურია. არასრული ერთი თვეც და მრავალ კითხვაზე მივიღებთ პასუხს, მათ შორის – ვინ დარჩება პოლიტიკური ჭაობის ფსკერზე და ვინ იტივტივებს...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები