14:46 25 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
მიხეილ სააკაშვილი

ვინ გააცოცხლა სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა?

© AP Photo / Sergei Grits
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
309030

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კარგ სპარინგ-პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.

დაბრუნდება თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში, ამ საკითხზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლება სააკაშვილს და მის ფაქტორს წარმატებით იყენებს ბუას როლში. ყოველი არჩევნების წინ ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. არც თავად მესამე პრეზიდენტი გვავიწყებს და გვანატრებს თავს.

ვინ გააცოცხლა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა? როგორ ასაზრდოებს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? - სწორედ ეს კითხვები დასვა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.

ბურჯანაძე და ბევრი ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ სწორედ ხელისუფლებას აძლევს ხელს დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი მეტოქეობა, რადგან სწორედ მის ფონზე გამოჩნდება უკეთეს ხელისუფლად. მათგან, ვისაც 2004 წლიდან მოყოლებული, 2007 წლიდან გამძაფრებული ტერორი და ჩანაწერების ფრიალი და აგენტებად ადამიანების გამოცხადება ახსოვს, ცოტა თუ მოინდომებს იმ პერიოდის დაბრუნებას.

ეს მოდელი ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის კარგად გამოიყენებოდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 25 წლის განმავლობაში. თუმცა ვეჭვობთ, რომ დღეს მოსახლეობას გაძვირებული პროდუქტის ფასები და გაქცეული ლარის კურსი უფრო ადარდებს, ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგები და პოლიტიკური კინკლაობა…

ზოგჯერ ალაგ-ალაგ გამოკრთება პოზიტიური, გონივრული და ზომიერი საარჩევნო დაპირებები, ძირითადად კი ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკის ლანძღვა-გინებას, შანტაჟს, ჩანაწერებს ვუსმენთ.

არადა, ფაქტია, რომ ცხოვრება საქართველოში არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

ფაქტია ისიც, რომ ქვეყანაში ისევ გაჩნდება ახალი დაპირისპირებულთა კასტა, რაც შემდეგ ტელეეკრანებიდან გადმოიფრქვევა.

სწორედ ამის გამო ექსპერტი გია ხუხაშვილი დიდი ხანია საუბრობს მესამე, ზომიერი ძალის შექმნის აუცილებლობაზე, მაგრამ რამდენად დაუჭერს ასეთ ძალას ნეგატივს მიჩვეული ქართველი ამომრჩეველი მხარს?

„ქართველი ამომრჩეველი ებრძვის ყოველდღიურ სოციალურ პრობლემებს და ნაკლებად აკავშირებს საკუთარ თავს ერთ ან მეორე მხარესთან. ის ქართულ პოლიტიკურ ავანსცენას უყურებს, როგორც თეატრალურ წარმოდგენას და დისტანცირებულია მისგან“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მთავარი პოლიტიკური „აქტორები“ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იქნებიან.

სავარაუდოდ, მეორე ტურშიც „დამოუკიდებელი კანდიდატი" სალომე ზურაბიშვილი და „გაერთიანებული ოპოზიციის", სინამდვილეში კი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გადავლენ.

ექსპერტებს უკვირთ, როგორ მოხდა, რომ ამ თითქოს უმნიშვნელო არჩევნებისას საარჩევნო კამპანია ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ახლა ქვეყანას რაც შეიძლება მალე დამშვიდება და სოციალური პრობლემების მიხედვა სჭირდება!

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები