ყაზახეთის ელჩი ერმუხამეტ ერტისბაევი: ქართული სუფრა სრული დიქტატურაა

© Sputnik / Alexander Imedashviliერმუხამეტ ერტისბაევი
ერმუხამეტ ერტისბაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ რუბრიკა „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ყაზახეთის ელჩს ერმუხამეტ ერტისბაევს გაგაცნობთ, რომელიც ექსკლიუზიურ ინტერვიუში საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს და აღიარებს, რომ საქართველო პირველი დღეებიდანვე შეუყვარდა.

წყნარი ნავსაყუდელი

მქონდა არჩევანი, სად დამეწყო დიპლომატიური სამსახური – მალაიზიაში, უნგრეთსა თუ საქართველოში. მაშინვე ვთქვი: მხოლოდ საქართველო. ამ ქვეყნის ნახვა დიდი ხანია მინდოდა და ისე გამოვიდა, რომ ყაზახეთის ელჩის სტატუსით ჩემი აქ ჩამოსვლა პირველი ვიზიტი იყო თქვენ ქვეყანაში. აქამდე საქართველოში ნამყოფი არ ვიყავი.

აქ 2013 წლის 23 აპრილს ჩამოვედი და პირველივე დღეებში სახლში ვიგრძენი თავი, იმდენად მშობლიური, თბილი ატმოსფერო დამხვდა. მეგონა, რომ ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ჩამოვედი და არა უცხო ქვეყანაში. ცხოვრებაში მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაა, აქ კი ბევრი ისეთი პიროვნება გავიცანი, რომლებთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

© Sputnik / Alexander Imedashviliყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი
ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი

აქ მუშაობის პერიოდში თითქმის ყველა რეგიონი მოვიარე. ასე მგონია, რომ როდესაც ღმერთი ხალხებს საცხოვრებელ ადგილებს ურიგებდა, ქართველებისთვის არაფერი დაინანა და ასეთი საოცარი მიწა და სილამაზე აჩუქა.

სომხეთშიც ვყოფილვარ და აზერბაიჯანშიც. საწყენად არ ვამბობ, მაგრამ იქ ჩასულს სულ კლდოვანი, ხრიოკი, გაუდაბნოებული ადგილები მხვდება თვალში, საქართველო კი, როგორც სიმღერაშია, მართლაც მზის და ვარდების მხარეა.

აღსანიშნავია, რომ აქ წელიწადში შვიდი მილიონი ტურისტი ჩამოდის და ეს მაჩვენებელია არა მხოლოდ ქვეყნის სილამაზისა, არამედ ქართული სტუმართმოყვარეობისა, ინფრასტრუქტურის, მომსახურების სფეროების განვითარებისა და უსაფრთხოების მაღალი დონისა. ეს ყველაფერი ძალიან მაგარია და შთამბეჭდავი.

მსოფლიოს 64 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და, კლიმატისა და ცხოვრების მშვიდი წესის თვალსაზრისით, საცხოვრებლად იდეალური ადგილი სწორედ საქართველოში ვიპოვე.

ძალიან ბევრ ყაზახს სურს საცხოვრებლად აქ გადმოსვლა და საქმიანობის დაწყება. სხვათა შორის, ესეც მაჩვენებელია.

და არა მხოლოდ ყაზახები, რუსეთიდან ჩამოსულებიც შემხვედრიან, უკრაინიდანაც, აზერბაიჯანიდანაც, რომლებსაც თქვენში მშვიდი ნავსაყუდელი უპოვიათ.

ყაზახეთის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოების GEO VERSION - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოების ძალიან მაღალი დონეა

სამენოვანი ფენომენი

სამწუხაროდ, ქართული არ ვიცი, თუმცა რამდენიმე საჭირო ფრაზა ვისწავლე — არა მარტო „გამარჯობა“ ან „ნახვამდის“, სხვებიც. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან კარგად მახსოვს ფრაზა ფილმ „მიმინოდან“ და ზოგჯერ ვიყენებ კიდეც. წვეულებაზე მოულოდნელად ვუახლოვდები რომელიმე ნაცნობ ქართველს, მხარზე ხელს ვურტყამ და ვეუბნები: „გამარჯობა არ იცი, ბიჭო?!“ კარგ ეფექტს ახდენს ხოლმე.

კიდევ ხშირად ვამბობ ფრაზას: გაუმარჯოს ყაზახეთსა და საქართველოს!

უკვე 60 წლის ვარ და მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ. გუნდიც კი შევკრიბე, რომელშიც ხუთი ქართველი თამაშობს. თუ მატჩს ვაგებთ, ვეუბნები ხოლმე: მოდით, ვითამაშოთ ნორმალური და არა ქართული ფეხბურთი-მეთქი და ყველანი იცინიან.

ქართული ენა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ისევე, როგორც ყაზახურია რთული ქართველებისთვის. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ, რომ ქართველებს საკუთარი ანბანი გაქვთ.

საინტერესოა, რომ აქაურები ქართულის გარდა რუსულსაც ფლობენ და ინგლისურ ენასაც. სამენოვანი ფენომენი საქართველოში რეალურად არსებობს — ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც მე ვიცნობ. ეს ფენომენი ევრისტიკულ აზროვნებას ამაღლებს, რაც შესანიშნავია.

მსგავსება და განსხვავება

ქართული ტემპერამენტის შესახებ ბევრი მსმენია და ფილმებშიც მინახავს. მაგრამ სინამდვილეში აღმოვაჩინე, რომ ქართველების უმრავლესობა მშვიდი ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრებით ტკბებიან. ქართული ტემპერამენტი „სუხიშვილების ბალეტმა“ და სხვა მოცეკვავეებმა მაჩვენეს რესტორნებში.

რაღა თქმა უნდა, ყაზახებსა და ქართველებს შორის უამრავი განსხვავებაა, მაგრამ ბევრი საერთოცაა — გახსნილი, ხმაურიანი ადამიანები ვართ, გვიყვარს სუფრა, ურთიერთობა.

პლანეტაზე ორი ერთნაირი ერი, ალბათ, არ არსებობს, მაგრამ მსოფლიო კულტურაში ხშირად ისე ხდება, რომ კულტურები ერთმანეთზე გავლენას ახდენს და თითქოს ერწყმიან ერთმანეთს. აი, მაგალითად, ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ ყაზახურად ჟღერს ასე: „მენ სენი სიუემინი“. ნახეთ, როგორ ჰგავს ერთმანეთს პირველი ორი სიტყვა. შესაძლოა, ამ სიტყვებს თურქული ფესვები აქვს. ვიცი, რომ ქართულ ენაში ასობით სიტყვაა შესული არაბული, სპარსული თუ თურქული ენებიდან. 

© Sputnik / Alexander Imedashviliყაზახეთის ელჩის საყვარელი ფოტო - ერთი წლის ერმუხამეტი დედასთან ერთად
ყაზახეთის ელჩის საყვარელი ფოტო - ერთი წლის ერმუხამეტი დედასთან ერთად  - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩის საყვარელი ფოტო - ერთი წლის ერმუხამეტი დედასთან ერთად

ქართული სუფრა და ბიზნესი

ქართულ სუფრასთან შეგუება რთული გამოდგა. ყველაფერი შესანიშნავია — სუფრაც და ადამიანებიც, მაგრამ თავად სუფრასთან ჯდომის პროცესს ვერ ვეგუები. ქართული ჩვეულების მიხედვით, მთელი საღამო თამადას მიჰყავს. კარგია, თუ თამადა გონებამახვილი და მხიარული გამოდგა, მაგრამ თუ მოსაბეზრებელ, ბანალურ სადღეგრძელოებს ამბობს — ეს უკვე მაღიზიანებს.

ყაზახების ქეიფი სულ სხვაგვარად გამოიყურება. იქ სუფრასთან სრული დემოკრატია და, შეიძლება ითქვას, ანარქიაც კი სუფევს — ლაპარაკობს ყველა, ქალებიც კი.

ქართველებს პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატია აქვთ, მაგრამ სუფრასთან სრული დიქტატურაა დამყარებული და ამას ძნელად ვეგუები.

გარდა ამისა, ყველა ქართველი ბიზნესმენი ყაზახებივით მობილური და ენერგიული არ არის. მაგალითს გეტყვით: 2012 წლის მაისში ერთი ქართველი მეწვია. ყაზახეთში უნდოდა ნავთობპროდუქტების შეძენა, საქართველოში ჩამოტანა და მერე აქედან სხვაგან ტრანსპორტირება. მაშინვე გავიყვანე ერთ ყაზახ კაცზე, რომელიც ამ საქმითაა დაკავებული. საჭირო იყო მხოლოდ ყაზახეთში  ჩაფრენა, ხელშეკრულების გაფორმება და მორჩა, შეეძლო საქმე დაეწყო. ოთხი წელი გავიდა, ეს ქართველი კი ჯერაც არ ჩასულა ყაზახეთში!

ერმუხამედ ერტისბაევი - Sputnik საქართველო
ელჩი: ყაზახეთი მზადაა საქართველოში ფული დააბანდოს

არადა, ნებისმიერი ყაზახი ყველაფერს მიატოვებდა და ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. აქ კი ასეთი რამ ხშირად ხდება და ამასთან შეგუება ძნელია.

ჩემი მძღოლი გიორგი ხშირად ამბობს ხოლმე, ქართველი დაღლილი დაიბადა და იმისთვის ცხოვრობს, რომ დაისვენოსო. ჰო, ქართველები იცინიან, მაგრამ ეს სიმწრის სიცილია, იმიტომ რომ თუ მენტალიტეტს არ შეიცვლით, უფრო ენერგიულები და მობილურები არ გახდებით, თუ დაკეტილი კარის დროს ფანჯრიდან არ გადაძვრებით, მაშინ ევროპასთან ინტეგრაციას ვერ შეძლებთ, კონკურენტუნარიანი სახელმწიფო ვერ გახდებით, რადგან რაც უნდა ძლიერი მთავრობა გყავდეთ, რეფორმებს მაინც ადამიანები ახორციელებენ.

ამასობაში „ქართულ დროსაც“ შევეგუე. თავიდან მეც და ჩემი მეუღლეც ვღიზიანდებოდით, როდესაც 7 საათზე დანიშნული ღონისძიება 45 წუთის დაგვიანებით იწყებოდა. მაგრამ მერე ჩვენც ვისწავლეთ, როგორც უნდა მოვქცეულიყავით და შვიდი საათის ნაცვლად, რვის ნახევარზე მივდიოდით. ანუ ქართულ დროს მოვერგეთ.

მკურნალი საკვები
ქართული სამზარეულოდან აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს. გაგონილი მქონდა, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიო ათეულში შედის და ეს ნამდვილად ასეა. ის არა მარტო გემრიელი, არამედ მარგებელიცაა.

საქართველოში ერთი თვის ყოფნის შემდეგ ასტანაში დავბრუნდი და პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩავიტარე. ჩემი ექიმი გაოგნდა, რადგან ქოლესტერინის დონე სამჯერ მქონდა დაწეული. ორივემ ერთად გავაანალიზეთ მომხდარი და მივედით დასკვნამდე, რომ ამის მიზეზი ქართული სანელებლები, მწვანილი, ახალი, ჯანსაღი პროდუქტი, სხვადასხვა საწებლები და თეთრი ღვინო იყო.

ასეთი რამ ყაზახეთში არ არსებობს. ხორცეული თუ თევზეული თვეობით აწყვია საყინულეში, ფასები კი სამ–ოთხჯერ მაღალია, ვიდრე აქ.

და კიდევ: მომსახურების სფერო საქართველოში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ყაზახეთში — ამას ღიად ვაცხადებ.

მიყვარს წიწილა მაყვლის სოუსით, ლავაში, მაგრამ ხშირად მისი ჭამა არ შეიძლება — ასუქებს და იმიტომ. ჩახოხბილის მომზადება შემიძლია, მაგრამ იშვიათად ვაკეთებ, იმიტომ რომ საამისოდ დრო არ მაქვს.

საქართველოდან ყაზახეთში ყოველ წასვლაზე თითო ყუთი ღვინო მიმაქვს მეგობრებისათვის: ორი ბოთლი წითელი, ორი ბოთლი თეთრი და ორი ბოთლიც ჭაჭა.

ცალკე ყუთით მიმაქვს ხაჭაპურები, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, ჩურჩხელები, თხილი, მანდარინი… ქართული პროდუქტებით ყველა აღტაცებული რჩება. აქაური მანდარინი მაროკოულს სჯობს — ქართულს მიწის, ბუნების სუნი აქვს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ დამილევია ესპანური, იტალიური ან ფრანგული ღვინო. ვსვამ მხოლოდ ქართულს. ის კი არა, ყველა დავარწმუნე, რომ ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა.

ყაზახეთიდან ცხენის ხორცი ჩამომაქვს, რომლისგანაც არაჩვეულებრივ ძეხვს ვამზადებთ. ვისაც გავასინჯე, ყველა ქართველს მოეწონა.

მარადი და განუყრელი დღესასწაული

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ჰემინგუეის აქვს წიგნი პარიზზე „განუყრელი დღესასწაული“. თუ პერიფრაზირებას მოვახდენ, საქართველოში გატარებული ოთხი წელიწადი — ეს არის მარადიული დღესასწაული, რომელიც განუყრელად ჩემთანაა.

ყველა ახალი ამბავი
0