ელისაბედ ჟუდრო: საქართველო მიყვარს, როგორც მშვენიერი მეგობარი...

© ელიზავეტა ჟუდროელიზავეტა ჟუდრი სვანეთში
ელიზავეტა ჟუდრი სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა

ლელა ზურებიანი

„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ მოსკოველ ფსიქოთერაპევტ ელისაბედ ჟუდროს გაგაცნობთ, რომელმაც მეგაპოლისის კომფორტი სვანეთის მთებზე გაცვალა.

საქართველოში ჩამოსვლისა და აქ დარჩენის მიზეზებზე მოსკოველი ქალბატონი ჟურნალ „შინს“ ესაუბრა.

რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო. მან წარმატებული ფსიქოთერაპევტის კარიერა და კომფორტული მოსკოვური ცხოვრება მიატოვა და არც ისე ცოტა ხანია სვანეთში ცხოვრობს. ძალიან შეუყვარდა ეს მხარე, მესტიაში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს და კიდევ უფრო მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადარჩება ჯერ ამ კუთხის კულტურა და სულიერება, და მერე სრულიად კაცობრიობის. მისი მოსმენა, ალბათ, ღირს.

© ელიზავეტა ჟუდროელიზავეტა ჟუდრო
ელიზავეტა ჟუდრო - Sputnik საქართველო
ელიზავეტა ჟუდრო

— რა იყო იქამდე, სანამ სვანეთში აღმოჩნდებოდით?

— სვანეთამდე იყო რთული და გრძელი გზა. მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო ნაშრომიც დავწერე. შემდეგ კი მეორე ინსტიტუტში ჩავაბარე „სოციალური ფსიქოლოგიის“ განხრით. კიდევ დიდხანს ვსწავლობდი, რომ ფსიქოთერაპევტი გავმხდარიყავი, ვმუშაობდი ჯგუფებთან და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებდი. საინტერესო იყო ეს ეტაპები, რადგან პირველ უნივერსიტეტში ვისწავლე – როგორ არის აგებული ეს სამყარო, შემდეგ კი უფრო საინტერესო აღმოჩნდა – როგორ არის აგებული ადამიანების ურთიერთობები. ამის ამოცნობაში ფსიქოლოგია დამეხმარა. კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა იყო მართლმადიდებლობა და უნივერსიტეტის ეკლესიაში სიარული. იქ მივხვდი, რომ, ბოლოს და ბოლოს, შინ ვიყავი.

© ელიზავეტა ჟუდროსვანეთი ზამთარში
სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო
სვანეთი ზამთარში

ჩვეულებრივი საბჭოთა ურწმუნო ოჯახი გვქონდა, ამიტომ სულიერი თვალსაწიერის განვრცობა ნულიდან დავიწყე. მართლმადიდებლობამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში უამისოდ.

სტუდენტობის დროს მთარგმნელად ვმუშაობდი, ვასწავლიდი — უფრო შემოსავლისთვის. ბევრს ვმოგზაურობდი, ვკითხულობდი, ვურთიერთობდი, ვფიქრობდი. ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი საერთო საქმეები ჩემი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფრანგი ფოტოგრაფი სვანური სოფლის შველას ითხოვს - Sputnik საქართველო
ფრანგი ფოტოგრაფი სვანური სოფლის შველას ითხოვს

— როგორ აღმოჩნდით საქართველოში, სვანეთში, რითი მოგიზიდათ აქაურობამ ასე, რომ საცხოვრებლადაც დარჩით?

— საქართველოში ტურისტად ჩამოვედი. პირველად ვიყავი თბილისში, კახეთში, ყაზბეგში — ჩვეულებრივი ტური იყო. მეორედ უკვე სვანეთში გავემგზავრე. მთები მიყვარს. მართალი გითხრათ, სვანეთზე, ჩემდა სამარცხვინოდ, მანამდე არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის, რომ იქ ლამაზი ბუნებაა. როცა ჩავედი და ყველაფერი დანარჩენი ვნახე, თავბრუ დამეხვა. აქ დღემდე იგრძნობა უდიდესი კულტურის სული, ადამიანის რაღაც გიგანტური აღმასვლა ზევით, სინათლისკენ, ღმერთისკენ. მაინც რატომ ეზიდებოდნენ სვანები ქვებს მთების მწვერვალებზე, იქ აგებდნენ ტაძრებს, ხატავდნენ მათ საოცარი ფრესკებით, რთავდნენ ძვირფასი ხატებით, ნივთებით?— ეს ხომ ასე ძნელია, აქ ისეთი რთული, მკაცრი ცხოვრებაა? რატომ? მე ეს ცოტათი მაგონებს ჩვენს რუს ჩრდილოელ პილიგრიმებს, რომლებმაც ვალაამის გრანიტის მწვერვალებზე ნამდვილი სამოთხე მოაწყვეს: განსაცვიფრებელი მონასტრები, ბაღები მიუხედავად იმისა, რომ იქ არაფერია და მიწასაც კი ქვემოდან ეზიდებოდნენ, ნავებით მიჰქონდათ. ეს თითქოს ადამიანისთვის არაბუნებრივი ქმედებაა. მაგრამ სწორედ ამაში იკვეთება ადამიანი… აქაც მსგავსია, სვანეთში. ირაკლი აბაშიძეს აქვს ლექსი „შორეული შხელდა“. მე ბელა ახმადულინას თარგმანში მაქვს წაკითხული. იქ არის სტრიქონები, რომლებიც მე პირადად ყველაფერს მიხსნის სვანეთზე და იმაზე, რატომ არის ჩემთვის აქ ყველაფერი ინტუიტიურად გასაგები და რატომ მომწონს: Неистовый дух, вечно жаждущий света, молящийся, страждущий и дерзновенный… ეს მშვენიერია!

მახსოვს, ჯერ კიდევ როგორც ტურისტი, ვიჯექი მთაზე და ვფიქრობდი ყოველივე ამაზე. და უცებ მივხვდი, რომ დარჩენა მინდოდა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ახლა აქ არის. რაციონალურად ამის ახსნა შეუძლებელია და, შეიძლება, არც არის საჭირო.

გარდა ამისა, რატომღაც სწორედ სვანეთში შევხვდი ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებიც მაშინვე შემიყვარდნენ მთელი გულით. მათ მიმიღეს თავის სახლში, თავის ცხოვრებაში, დამიჯერეს და მანდეს თავისი ამბები, თავისი კუთხის ამბები. ეს ისეთი საინტერესო, ისეთი ამაღელვებელი და ისეთი თბილი რამაა… საქმე ის კი არ არის, რომ ისინი სვანები არიან, ახლა ვსაუბრობ ურთიერთობის ისეთ დონეზე, როცა ნაციონალობას, კუთხეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ მნიშვნელოვანია საერთო ფასეულობები, საერთო მსოფლმხედველობა. ანუ, ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, არა რაღაც პროექტებისა და საქმისთვის, უბრალოდ ჩემი სულისთვის.

© ელიზავეტა ჟუდროელიზავეტა ჟუდრო სვანეთში
ელიზავეტა ჟუდრო სვანეთში - Sputnik საქართველო
ელიზავეტა ჟუდრო სვანეთში

და, ბუნებრივია, შეუძლებელია უბრალოდ ასე იცხოვრო და არაფერი აკეთო — აქ, სვანეთში, ხომ უშველებელი სივრცეა საკეთებლად. ჯერ ერთი, ფანტასტიკური ტურისტული ობიექტებია და, ვფიქრობ, ამ რეგიონის ყველაზე ნათელი მომავალი სწორად წარმართულ ტურისტულ ინდუსტრიაშია. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი აქ სისტემატურად განვითარდეს, მოწესრიგებულად და ეკოლოგიურად — რომ არავითარი ზიანი არ მიადგეს ამ უნიკალურ გარემოს, არამედ შეიქმნას სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შენარჩუნდეს ბუნება, არქიტექტურა, ხელოვნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია — ცხოვრების წესი. მეორეც, ძალიან მაინტერესებს ადგილობრივი არამატერიალური კულტურა — ეს ძველი ენა, ფოლკლორი, თვითმყოფადი მსოფლმხედველობა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მოვახერხებ ამის ბოლომდე გააზრებას და ამ სიმდიდრის გაზიარებას რუსული აუდიტორიისთვის.

— და თუ ჩვეულებრივ, ყოფით საკითხებს დავუბრუნდებით, მთაში ცხოვრება არც ისე იოლია. როგორ ცხოვრობთ ახლა იქ, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე სვანეთში?

— ვითვისებ ცხოვრების ჩემთვის ახალ სტილს. მოსკოვში ყველაფერი იყო დაგეგმილი და წუთებით გათვლილი, საქართველოში კი თითქოს რაღაც მორევში ეშვები, რომელიც თვითონ მიგაქანებს და რომელზე გავლენის მოხდენაც ყოველთვის არ შეგიძლია. აქ რაც მეტს გეგმავ, რაც მეტს ცდილობ შეასრულო გეგმები, მიაღწიო იმას, რომ ადამიანებმა შეასრულონ თავისივე პირობები — მით უარესი გამოდის. ყველაფერი თითქოს თავისთავად ხდება და შენ ამაში არ ერევი. ისღა დაგრჩენია, მიიღო და განკარგო ის, რაც გამოვიდა. ეს ძალიან საინტერესოა!

© ელიზავეტა ჟუდროტაძარი მესტიაში
ტაძარი  მესტიაში - Sputnik საქართველო
ტაძარი მესტიაში

ამიტომ „ჩვეულებრივი“ დღეც აქ არ მაქვს — ეს მართლა მაგარია, რადგან არ მიყვარს რუტინა. ოჯახს, რომელშიც ვცხოვრობ, პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს. ვეხმარები მათ, რითიც შემიძლია — ფეისბუქზე მათი სასტუმრო სახლის გვერდს ვუძღვები, ვურთიერთობ ტურისტებთან. ვცდილობ, დრო გავატარო მესტიაში იმ ადამიანებთან, ვინც რაღაც იცის და ახსოვს სვანურ კულტურაზე, ისტორიაზე, ფოლკლორზე. ვიწერ რაღაცებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. იცით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ნამდვილი ღრმა სულიერი კულტურა ქრება სამყაროდან, ჩვენ მას ვკარგავთ. ყველგან ასეა, მაგრამ სადღაც კიდევ არის შენარჩუნებული კუთხე-კუნჭულები, სადაც ის არსებობს. ჩვენ, ალბათ, მას ვერ გადავარჩენთ — ოპტიმისტი ვერ ვიქნები ამ კუთხით. კულტურა არის გარემო, სადაც ადამიანის სული არსებობს და იზრდება და, როგორც ჩანს, ადამიანების ისტორია მაშინ დამთავრდება, როცა ადამიანები დაკარგავენ მაღალ სულიერ კულტურას და მასთან ერთად ღმერთთან საუბრის უნარს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალია, შევაჩეროთ მისი დაღმასვლა, გაქრობა. ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელი კულტურისთვის ვიბრძვით — რუსულისთვის, ქართულისთვის… ახლა უკვე მოქმედებს პრინციპი — ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენთანაა. მით უმეტეს, რომ მე ამ კულტურების ძალიან დიდ მსგავსებას ვგრძნობ მთავარსა და ღრმაში.

© ელიზავეტა ჟუდროსოფელი სვანეთში
სოფელი სვანეთში - Sputnik საქართველო
სოფელი სვანეთში

მოხარული ვიქნებოდი, თუ მოხერხდებოდა რაიმე სერიოზული პროგრამების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად — და არა უბრალოდ „სამუზეუმოდ“, მკვდრად შესანახად. მნიშვნელოვანია, რომ ენა, აზრები, კულტურული სახეები ცხოვრობდეს ადამიანებში, ქმნიდეს, განავითარებდეს ადამიანებს… ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ჩემი ყველა შესაძლებლობა, კონტაქტები, გამოცდილება ავამოქმედო იმისთვის, რათა ასეთი პროექტები აქ განვახორციელო.

რას ვაკეთებ? ვასუფთავებ მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიის იატაკს. ჩემი შეხედულებით, ესეც კულტურაა. ვასუფთავებ იატაკს და თან ვფიქრობ, როგორ მოვიძიო სახსრები და მოვაწყო ეკლესიაში გათბობა, რადგან ზამთარში აქ ძალიან ცივა, ხანდახან მინუს 20 გრადუსიც არის. ბავშვები ელექტროგამათბობლებს ეკვრიან, სულ ორი ცალია მთელ ტაძარში… მართალი გითხრათ, ეს კონკრეტული პატარა საქმეც ახლა ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მოსახლეობას არ აქვს სახსრები, რომ ცენტრალური გათბობა გაიყვანოს და, იმედი გვაქვს, ვინმე დაინტერესდება ამ ამბით.

ველოდები ზაფხულს. შემეძლება ვიარო მთებში, გადავიღო ფოტოები, ვეძებო სვანების საუნჯეები (იღიმის), მივიღო სტუმრები, ვისაც მოუნდება აქეთ წამოსვლა.

და, კიდევ, როგორც ფსიქოლოგი, ამჟამად არ ვმუშაობ, დავიღალე ამით, თუმცა ხანდახან ქართველ კოლეგა ფსიქოლოგებს ვეხმარები კარგი სასწავლო პროგრამების ორგანიზებაში. ვიწვევ რუს ფსიქოლოგებს, კვალიფიციურ და საინტერესო სპეციალისტებს და ისინი თბილისში ატარებენ სემინარებს. მაგალითად, ახლა ძალიან საინტერესო პროგრამას ვაკეთებთ ბავშვთა ფსიქოთერაპიაზე, სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოდის ტრენერი… ეს იდეა, კონკრეტული საქმიანი კავშირების დანერგვა რუსეთსა და საქართველოს შორის, პროფესიონალებს, ადამიანებს შორის — მე მომწონს. ეს მნიშვნელოვანი მგონია, ადამიანური ურთიერთობების, საერთო კულტურული ველის აღდგენის პროცესი…

— რა პრობლემებია ზოგადად მთებში, თქვენი გადმოსახედიდან რა არის ყველაზე თვალსაჩინო?

— ჯერ ერთი, ყოფითი პრობლემებია. მაგალითად, სვანეთში ძალიან გვჭირდება გაზი. სანამ გაზი არ იქნება, ვერანაირი სერიოზული ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ განვითარდება. მეორე, სისტემური — სუსტი, ნაკლებინიციატივიანი მუნიციპალური ხელისუფლება, უმუშევრობა. მესამე — სულიერი. იმისათვის, რომ დარჩე მთებში, სვანეთში, ძალიან მტკიცედ უნდა გესმოდეს, ვინ ხარ და რატომ ხარ აქ. ეს შეუძლებელია მომხმარებლური მსოფლმხედველობით, რაც სტიქიურად ფორმირდება ახლა ახალგაზრდა თაობაში. უნდა იყოს რაღაც მაღალი ფასეულობები, რომლებიც ადამიანს შთააგონებს – არა უბრალოდ „იწვალოს სოფელში“, არამედ ამაყად იცხოვროს თავისი წინაპრების მიწაზე, შეინახოს ტრადიციები, ღირსეულად და სიხარულით შექმნას საკუთარი ბედი იქ, სადაც დაიბადა, იყოს ბატონი თავისი მშობლიური მიწის და იზრუნოს მასზე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. უნდა იყოს უფრო მტკიცე ეროვნული თვითშეგნება, გააზრებული კულტურული იდენტობა.

© ელიზავეტა ჟუდროტაძარი სოფელ ლატალში, სვანეთი
ტაძარი სოფელ ლატალში, სვანეთი - Sputnik საქართველო
ტაძარი სოფელ ლატალში, სვანეთი

— ქართველებში რაიმე თავისებურებებს, ხასიათის შტრიხებს თუ გამოარჩევდით? რა მოგწონთ, რა — ნაკლებად?

— ალბათ, პროფესიიდან გამომდინარე, მე უფრო იმას ვაქცევ ყურადღებას, როგორ ურთიერთობენ ადამიანები და როგორ აწყობენ ურთიერთობებს. საქართველოში ძალიან ძლიერია თანადგომა, არ არიან ერთმანეთისადმი გულგრილნი. დიდ ტაქტსა და მოთმინებას იჩენენ იმისადმი, რომ სხვა ადამიანს შეიძლება უხერხულობა შეუქმნან. საერთოდ, ძალიან ბევრ დროსა და ძალას ხარჯავენ ურთიერთობებზე, კონტაქტებზე, კავშირებზე.

ნეგატიურ შტრიხებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ არის თავისებურებები, რომლებთან შეგუებაც ცოტა მიჭირს. მაგალითად, ქაოტურობა, არაპუნქტუალობა. კიდევ, ხანდახან მაოცებს, რომ ადამიანები არ იჩენენ ინიციატივას და აქტივობას, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ, მაშინაც კი, როცა აშკარაა, რა უნდა გაკეთდეს. თითქოს, მათ უფრო უიოლდებათ პასიურად მოითმინონ უხერხულობა, ვიდრე ადგნენ და რაღაც გააკეთონ. მაგრამ ეს თვისება რუსებშიც მრავლადაა. არავინ არ წავა და არ გააკეთებს მორყეულ ღობეს, სანამ ის მთლად არ ჩამოიშლება…

— რას უამბობთ ხოლმე სხვებს, რა არის მთავარი, რითიც ახლობლებს თუ უცხოებს იზიდავთ საქართველოსკენ?

— ვფიქრობ, არ ვიქნები ორიგინალური: საოცარი სილამაზის ბუნება, უძველესი ისტორია, საერთო რწმენა და წმინდანები, გამაოგნებელი ხელოვნება, გემრიელი საკვები და სულით თბილი ადამიანები. ჯერჯერობით ასეთი მიწვევა კარგად მუშაობს (იცინის).

— რამდენ ხანს აპირებთ აქ გაჩერებას, როდის აპირებთ დაბრუნებას?

— ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ალბათ, ოდესმე დავბრუნდები, მაგრამ ჯერ ჩემი ადგილი აქაა. რუსეთი, რასაკვირველია, მიყვარს, ეს ის არის, რისგანაც მე შევიქმენი სხეულითა და სულით. საქართველო კი მიყვარს, როგორც მშვენიერი მეგობარი, რომელთანაც ჯერ არ მინდა დაშორება.

— იქნებ, სვანეთში გათხოვდეთ კიდეც და საბოლოოდ დარჩეთ საცხოვრებლად… მოგწონთ ქართველი მამაკაცები?

— ძნელი სათქმელია… თუ შემხვდება „ჩემი“ ადამიანი, ალბათ, ჩემთვის სულერთი იქნება, რუსი იქნება ის თუ ქართველი. არსებობენ ძალიან სხვადასხვანაირი რუსი მამაკაცები და ასევე ძალიან სხვადასხვანაირი ქართველი მამაკაცები. მათ ვერ განაზოგადებ. რაც ადვილი შესამჩნევია, ქართველები უფრო მზრუნველები არიან და თითქოს ცოტა უფრო ადვილი ურთიერთობებში.

— ქალებზე რას იტყვით?

— ქალებიც ძალიან სხვადასხვანაირები არიან. თუმცა ყველას აქვს პირადი და ქალური ღირსების განცდა. ეს ალბათ ბევრმა უნდა ისწავლოს მათგან…

— საყოველთაო დაძაბულობის ფონზე რას ფიქრობთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და როგორ ხედავთ ამ ურთიერთობების პერსპექტივას?

— ბევრს არ ვიტყვი ამ თემაზე. რასაც ვიტყვი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი განცდები, და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ იშვიათად ნახავ ორ ხალხს, რომლებსაც აქვთ ასეთი დიდი ურთიერთმიზიდულობა და ასეთი ურთიერთგაგება პირადი ურთიერთობისას. ჩვენ საკმაოდ სხვადასხვაგვარები ვართ, რომ ერთმანეთისთვის საინტერესონი ვიყოთ და ერთმანეთი შევავსოთ, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა კულტურული და სულიერი კოდი, როგორც ჩანს, მსგავსი გვაქვს. და ვფიქრობ, რომ ეს ღვთის დიდებული საჩუქარია, რომლისაც ალბათ მადლიერი უნდა ვიყოთ და რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ გვიყვარს საქართველო სითბოსა და სტუმართმოყვარეობისთვის, გულუხვობისთვის, სულიერებისთვის, სიმღერებისა და ლხინისთვის, უნარისთვის – შეიგრძნოს და შექმნას სილამაზე.

— ჩვენი პორტალი სახლზეა, მშობლიურ კერაზე, რა არის თქვენთვის სახლი?

— ჩემთვის სახლი ძალიან იდუმალი ადგილია. ეს უშველებელი სამყაროა, სადაც ყველაფერი სავსეა ჩემით, ჩემი ზრუნვითა და არსებობით, ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც მე მგონია სწორი და როგორც მხოლოდ მე მესმის ბოლომდე. ამ სამყაროში შემიძლია შევიყვანო მეგობრები და ახლობლები. ეს ადგილია, სადაც ვისვენებ და ვივსები ძალებით. ადგილი, სადაც ყველაზე ადვილია ვინმეზე ზრუნვა…

დასასრულ, თქვენ მომეცით საშუალება მეთქვა ყველაფერი, რაც მე მნიშვნელოვანი მგონია. და მინდა თქვენს მკითხველს ვუამბო იმ საქმის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ. ჩვენ გვინდა აღვადგინოთ წმინდა გიორგის ტაძარი მესტიაში და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ადგილობრივი მცხოვრებლებიც და ჩემი რუსი მეგობრებიც მეხმარებიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და თუ სხვასაც გაუჩნდება ამაში მონაწილეობის სურვილი, ძალიან გამიხარდება. ყველაზე მთავარია, რომ ამას ერთად ვაკეთებთ, ერთიანი მართლმადიდებლური რწმენით.

ყველა ახალი ამბავი
0