თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოთქვა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი – 176 ადამიანი დაიღუპა, აღნიშნულია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.
„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ", – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.