თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 85 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დღეს, გამთენიისას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო.
ტრაგედია სოფელ ყანდაურაში მოხდა. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად ოთხ ადამიანს – შვილს, რძალს და დასახმარებლად შესულ მეზობელ დედა-შვილს. მან ასევე დაჭრა საკუთარი მეუღლე და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს.
ამჟამად ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.