WHO: ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში წითელა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

CC BY 2.0 / NIAID / FluShotვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წითელათი ინფიცირების რისკ-ჯგუფში 40 წლამდე ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პლევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.

კვლევის მიხედვით, ეპიდემიის გავრცელების კუთხით, რამდენიმე ქვეყანა გამოირჩევა, მათ შორის არიან საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი, უკრაინა, საბერძნეთი და რუსეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში ევროპის ქვეყნებში წითელათი ინფიცირების 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტია და ეს მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. დაავადებას წელს 37 პაციენტი ემსხვერპლა.

ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო
ფართომასშტაბიანი საფრთხე: წითელა მთელ ევროპას ემუქრება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევროპის ქვეყნებს მოსახლეობას დროული ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკუთარი მოქალაქეები ევროპის ზოგ ქვეყანაში წითელას ეპიდემიის აფეთქების შესახებ გააფრთხილა და ურჩია, აუცრელად არ სწვეოდნენ ამ ქვეყნებს.

წითელათი ინფიცირების რისკ-ჯგუფში 40 წლამდე ყველა მოქალაქე შედის, ვისაც ინფექციის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვს. საქართველოში წითელაზე აცრა 40 წლამდე მოქალაქეებისათვის უფასოა. რაც შეეხება 40 წელს ზემოთ პირებს, მათთვის ვაქცინაცია იმ შემთხვევაშია უფასო, თუ მათ დაავადებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პლევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0