თუშეთის გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

გამოწერა
თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება.

თბილისი, 14 ივნისი —Sputnik. დღეიდან, 14 ივნისიდან 1 ივლისამდე ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები, რის გამოც 14 ივნისიდან — 1 ივლისამდე, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, პერიოდულად, დღეში 4-ჯერ თითო საათით აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აიკრძალება 09:00-დან 10:00 საათამდე; 12:00-დან 13:00 საათამდე; 14:00-დან 15:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრი ის ადგილია, სადაც გასული წლის ზამთრის თვეებში დიდი რაოდენობით,  დაახლოებით 300 ათასი კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა. მეწყერმა 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.

მანქანები წვიმაში - Sputnik საქართველო
ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა

ახალი გზა ხელოვნური ყრილებით ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში,  პირდაპირ დაგუბებული მდინარის მარცხენა ნაპირას არის გაყვანილი. ნახევრადმოწყვეტილ მთაზე დაგროვილი ნაშალი არა მხოლოდ წვიმების დროს, არამედ მზიან ამინდშიც იშლება და გზაზე იყრება.

ამ ადგილას, წელს, 27 მაისს, გზის აღდგენაზე მომუშავე მძღოლი, 56 წლის ტარიელ სახოკია დაიღუპა. სატვირთო მანქანა, რომლითაც ის გზის აღსადგენად ქვა-ღორღს ეზიდებოდა, მდინარე ალაზანში გადავარდა.

თუშეთის გზა წელს 31 მაისს გაიხსნა.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0