03:22 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
24010

საქართველოს სამზარეულო რომ მდიდარია საკმაზ-სანელებელი მწვანილეულით, ყველასათვის კარგად არის ცნობილი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა არომატული კუთხეების მოწყობა ეზოებსა და აივნებზე. დაიწყეთ პრაქტიკული გამოყენების მცენარეების მოშენება, რომლებიც სილამაზით არ ჩამოუვარდება, ზოგიერთი ბევრად აღემატება კიდეც პოპულარულ დეკორატიულ მცენარეებს და მათი ჩამონათვალი არც თუ მცირეა.

ჯერ კიდევ დროა დათესოთ და საკუთარ ეზოსა თუ აივანზე მოიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა მწვანილეული კულტურები: რეჰანი, ანისული, სუსამბარი, ქონდარი, იმერული ზაფრანი, როზმარინი და სხვები, რომლებიც სასიამოვნო არომატს მოფენს და სხვა დეკორატიულ მცენარეებთან ერთად, გაგილამაზებთ ინტერიერს და კერძებსაც.

ქვემოთ მოყვანილია მწვანილეული და სანელებელი მცენარეები, რომლებიც არ არიან მომთხოვნი ნიადაგების მიმართ და ხარობენ ნებისმიერი ტიპის მიწებზე. თუმცა, განოყიერებულ და ზომიერად ნოტიო ბაღის მიწებზე ავლენენ მაღალდეკორატიულობას და მოსავლიანობაც უკეთესი აქვთ. ნებისმიერი მათგანი თამამად შეგიძლიათ დათესოთ ხის ყუთებსა და ქოთნებში - აივნებზე და ფანჯრის რაფებზე.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

ხავერდულა, იმერული ზაფრანი (Tagetes spp., ქართლური – კაკია; გურული – ხაფრანა, ნარგიზი;
კახური – ნარგიზი, სუსამბარი, ზაფრანა; იმერული – ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი;
მეგრული – ქორთული პირი, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა) - ქართული სამზარეულოს შეუცვლელი სანელებელი, მაღალდეკორატიული იმერული ზაფრანი ულამაზესია სხვა მცენარეებთან კომპოზიციაშიც და სუფთა ნათესების სახითაც. ყვავილობას იწყებს ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, თითქმის დეკემბრამდე. მზისა და ნარინჯისფერი, სპეციფიური სურნელის ხავერდულა შესანიშნავია მიქსბორდერებში, კლუმბებში, რაბატებში, როკარიუმებსა და ბორდიურებში. არის როგორც ჯუჯა, ისე მაღალი ფორმები, კომპაქტური მჭიდრო ბუჩქებით. იოლად ხარობს და ადვილად ეგუება გადარგვას ყვავილობის ფაზაშიც კი. ლანდშაფტის დიზაინერებს ეს მცენარე უყვართ მისი გამძლეობის, იოლი ადაპტაციის, ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის, სისავსის შექმნის გამო.

ითესება 1,5-3 სმ. სიღრმეზე, გვიანი დათესვისას 5 სმ. სიღრმეზე. აუცილებელია მცენარეებს შორის 20-40 სმ. მანძილის დაცვა ჯიშის სიმაღლის მიხედვით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე. მაგრამ მდიდრულად გამოიყურება და უხვად მოყვავილეა ნაყოფიერ მიწაზე.

გაითვალისწინეთ, იმერული ზაფრანი აფრთხობს აბეზარ და პარაზიტ მწერებს. მათ შორის დაავადებების გამომწვევებს.

რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“
რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“

რეჰანი (Ocimum basilicum L., კახური - რიანდი; იმერული - შაშკვლამი; გურული, აჭარული - შაშტამი, შეშტრამი, შაშტრამი, ჟაშკვლამი; სულხან-საბა-ორბელიანი - შაშპრა) - ზაფხულის ასოციაციას ქმნის საზაფხულო სალათების უცვლელი მწვანილი, ულამაზესი მუქი ბორდოსფერი, პრიალა, თითქოსდა ჩახუჭუჭებული, მონიკბულფოთლებიანი, მაღალდეკორატიული არომატული რეჰანი. სითბოსმოყვარული კულტურაა. ვეგეტაციის მანძილზე იჭრება 2-3-ჯერ. თესავენ მაისის შუა თვეში, მწკრივებად 15 °С და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს,  0,5-1,5 სმ. სიღრმეზე, მცენარეებს შორის 25 სმ. დაცილებით. ღია გრუნტში დათესვისას უკეთ ხარობს სამხრეთ ექსპოზიციის ნაკვეთებზე, ჩრდილოეთის ქარებისგან დაცულ ადგილზე, ნაყოფიერ, კარგად დრენირებულ ქვიშნარ და თიხნარ მიწებზე.

სოინჯი
© CC0 / Pixabay
სოინჯი

სოინჯი (Nigella sativa L., N. Damascena L. გურული – შავკაკალა; აჭარული – სისამი, ცისამი;
მეგრული – უჩა კაკალი; სულხან-საბა–ორბელიანი, დავით ჩუბინაშვილი – იკვლივი; რაფიელ ერისთავი – სურიჯა; დავით ჩუბინაშვილი – ჩორაქოთი; ივანე ჯავახიშვილი – ჩიტისთვალა, სონიჯი, სოლინჯი) - ულამაზესი ცისფერი ყვავილებით მოწინწკლული ნემსისებურ-ნაზფოთლებიანი მცენარე უჩვეულოდ მიმზიდველია ყვავილნარებში. ბორდიურებში, ჯგუფურ ნარგავებში, რაბატებში, კლუმბებში, მიქსბორდერებში. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ყვავილობისას. თესვის სიღრმეა 1,5-2,0 სმ. მცენარეებს შორის 20 სმ. დაცილებით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, იზრდება დამლაშებულ მიწებზეც.

სუნელს „შავი კვლიავის“ სახელით იცნობენ. მარწყვის არომატის მსგავსი მძაფრი  სანელებელი აკეთილშობილებს ბოსტნეულის სალათების, კონსერვების, მწნილეულების, მარინადების, ფუნთუშების, პურპროდუქტების, ყველის და ჩაის გემოს.

წიწმატის სახეობა Garden cress
© CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Garden cress
წიწმატის სახეობა Garden cress

წიწმატი (Lepidium sativum L. გურული – წიწმარიტა; მეგრული – წიწმარტე) - უკეთ ხარობს ცალკე კვალში დათესვისას. ითესება 1,0-1,5 სმ. სიღრმეზე, მობნევით, 20 სმ. დაცილებით. უპრეტენზიო  წიწმატი ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე.  ამოსვლას იწყებს დათესვიდან 3-4 დღეში.

წიწმატის ქორფა ფოთლები და ყლორტები გაზაფხულის საჭმელი მწვანილია, ოდნავ მწარე, სპეციფიკური გემოს და არომატის მწვანილი იკრიფება 5-6 ფოთლის ფაზაში, ყუნწების გაუხეშებამდე.

თავშავა (Origanum vulgare L. ქართლური – შავბალახა; მოხევური – ოსური ჩაი; ლეჩხუმური – თავყვავილა; მესხური – ლეილაღა, მარნიჭი, მარმიჭი; ზემორაჭული – ჩაის პიტნა; აჭარული – ისხანი, ჩაიოთი) - ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორეგანო. ერთ ადგილზე ხარობს 4-5 წელი, შემდეგ სასურველია გადარგვა. ყვავილობისას ქმნის ნაზ ვარდისფერ ფონს. ირგვება 40-60 სმ დაცილებით, თესვის სიღრმე 1,0-1,5 სმ. უპრეტენზიოა ნიადაგების მიმართ.

სანელებლად გამოიყენება ნორჩი ფოთლები, ნედლი, ან მშრალი სახით. ორწლიანი და მეტი ასაკის მცენარეებს მასობრივი ყვავილობისას ჭრიან მიწიდან  15-20 სმ. სიმაღლეზე. 

პიტნა
© CC0 / Pixabay
პიტნა

პიტნა (Mentha, ივანე ჯავახიშვილი – პიტნაკი; მეგრული – პიტინე; სვანური – მინთოორ, მინთუ) - ულამაზესი არომატული პიტნა ყველა ბაღის მშვენებაა. იმის მიუხედავად, რომ უყვარს წყალი, იოლად ხარობს ნაკლებად ნოტიო ნიადაგებზეც, როგორც ცალკეული დაჯგუფებების სახით, ისე სხვა კულტურებთან ერთად. ცხელ მშრალ ზაფხულში ყვავილობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს მორწყვა. იჭრება ვეგეტაციის დროს 2-3-ჯერ მიწიდან 10-12 სმ. სიმაღლზეზე. ერთ ადგილზე ხარობს 5 და მეტი წელი. სასურველია დარგვა 30 სმ. დაცილებით. ფესურების დარგვის სიღრმე 6-8 სმ. უკეთ გრძნობს თავს მსუბუქ, ნოტიო, ნაყოფიერ ნიადაგებზე.

როზმარინი
როზმარინი

როზმარინი (Rosmarinus officinalis) -  მარადმწვანე ბუჩქოვანი, მაღალდეკორატიული, არომატული სანელებელი მცენარე კარგად გრძნობს თავს ჩვენს პირობებში ღია გრუნტში ზამთრის შეფუთვის გარეშე. სასურველია მცენარეებს შორის 60 სმ. მანძილის დაცვა. უპირატესობას ანიჭებს მშრალ, კირქვიან, წყალგამტარ. კარგად დრენირებულ ნიადაგებს.

სანელებლად გამოიყენება ფოთლები, რომელსაც მძაფრი, მოტკბო არომატი და სასიამოვნო მწარე გემო აქვს.

კვლიავი (Carum carvi L., ქართლური, ზემორაჭული – ზირა; მოხევური, მთიულური – მკვლიავი;
ფშავური, ხევსურული – კვლია; სულხან-საბა–ორბელიანი – ზირაკი; სვანური – გიცრულ) – ითესება მცენარეებს შორის 30 სმ. დაცილებით,  2,0-2,5 სმ (თიხნარზე), ან 3,5 სმ (ქვიშნარზე) სიღრმეზე. უპრეტენზიო კვლიავი უკეთ გრძნობს თავს ნაყოფიერ, ქვიშნარ და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე.

სანელებლად გამოიყენება  ახალგაზრდა ნორჩი ფოთლები და თესლები.


 

 

 

მთავარი თემები