14:19 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
73160

თუ გადაწყვეტთ ბოსტნის და ბაღჩის გაშენებას, სხვა მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ კულტურული მცენარეების მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებითა და საშუალებებით შეიარაღდეთ.

დღეს მცენარეთა დაცვის საშუალებები უამრავია და მათი მოხმარება არცთუ იაფია. გარდა ამისა, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები ძლიერმოქმედი ტოქსიკური შხამებია და, უმეტეს შემთხვევაში, ხასიათდება უარყოფითი ზემოქმედებით შინაურ ცხოველებსა და გარემოზე. გარდა ამისა, აუცილებელია შეწამვლის ვადების, წამლობის დოზების და გამოყენებისას სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვა.

ბოსტანი
ბოსტანი

ქიმიური საშუალებების გარდა, არსებობს არაერთი ბიოლოგიურად უსაფრთხო და იაფი საშუალება კულტურულ მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ. გაითვალისწინეთ, დაცვის ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით, ეს საშუალებები შედარებით სუსტი მოქმედებით ხასიათდება და მათი გამოყენება ეფექტურია პრევენციის და მავნებელ-დაავადებების გამოჩენის ადრეულ სტადიებზე - რათა თავიდან აიცილოთ მავნებლებისა და დაავადებების მასობრივი გავრცელება.

მაშ ასე, დავიწყოთ:

ბევრს ალბათ ვერც წარმოუდგენია, რა ძვირფასი მცენარეა ნიორი არა მარტო კერძებსა და სამკურნალო საშუალებებში, არამედ მებოსტნეობისა და, განსაკუთრებით, ეკოლოგიური ბიომეურნეობის საქმეში. 

სხვა ბოსტნეულისა და მწვანილეულის დათესვისას არ დაგავიწყდეთ ნიორი. გაითვალისწინეთ, საკვები დანიშნულების გარდა, ნიორი თქვენ ნაკვეთზე გაშენებული მცენარეების მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი სამკურნალო საშუალებაც გახდება.

ნივრის ყვავილობა
ნივრის ყვავილობა

ნიორში შემავალი ფიტონციდები აქტიურად ებრძვის და აუვნებლებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ისეთ აგრესიულ და აბეზარ მავნებლებს, როგორებიცაა: ტკიპები, რწყილები, თრიფსები, ბაღლინჯოები, ბუგრები და სხვ., რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ საკვებ კულტურებს.

რა თქმა უნდა, ნივრის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წარმოუდგენელია, თუმცა ეზოს პირობებში, მცირე ნაკვეთებზე თავისუფლად შეგიძლიათ უარი თქვათ შხამ-ქიმიკატებზე და გადახვიდეთ მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურად უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებზე.

ნიორი
ნიორი

ნიორი - ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მავნებლების N1 მტერი

- იცავს კულტურებს სხვადასხვა მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან;

- გაძლევთ საშუალებას უარი თქვათ ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებზე და მიიღოთ ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი;

- ეფექტურია პროფილაქტიკური ღონისძიებებისთვის;

- ნივრის ხნარით მცენარის შესხურება უნდა მოხდეს 3-4 დღიანი ინტერვალებით, 2-3 ჯერადად, მავნებელ-დაავადებების სრულ გაქრობამდე;

- ნივრის კოქტეილი მცენარის ფოთლებზე რომ დაფიქსირდეს, შესხურებამდე უმატებენ 1-2 სუფრის კოვზ თხევად, ან ერთ ნაჭერ მყარ, გახეხილ საპონს (ეს არ ეხება ჯვაროსნების რწყილებს, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება კუპრის საპონი). ნებისმიერი წამლობა უკეთესია ჩატარდეს მზის ჩასვლის შემდეგ, საღამოს, მშრალ ამინდში.

1. ტილების საწინააღმდეგოდ - საბოსტნე და ბაღის კულტურებზე გამოიყენეთ ეს ნაყენი: 200 გრამი გახეხილი ნიორი ჩაყარეთ 1 ლიტრიან ქილაში, გაავსეთ თბილი წყლით. დაახურეთ თავი და დადეთ 5 დღით ბნელ, თბილ ადგილზე. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ, ნაყენი გადაასხით მუქ ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ საჭიროების მიხედვით.

მავნებლების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე 100 მლ ეს ნაყენი გახსენით 5 ლ წყალში და კარგად შეასხურეთ მცენარეს. შესხურება გაიმეორეთ 3-4 დღის ინტერვალით 2-3 ჯერადად, მავნებელის სრულ გაქრობამდე.

2. აბლაბუდიანი ტკიპების და თრიფსების საწინააღმდეგოდ - ეს მავნებლები აქტიურდებიან ცხელ და მშრალ ზაფხულში. მათთან საბრძოლველად ეფექტურია ბალახის ფერმენტირებული წვენი ნივრით: 1-1,5 კგ დაქუცმაცებული მწვანე ბალახი ჩაყარეთ 15 ლ წყალში, თავდახურული დატოვეთ 2 დღე. შემდეგ დაამატეთ ერთი ჭიქა გატარებული ნიორი, დააყოვნეთ ნახევარი საათი, გაწურეთ და ამ კოკტეილით შეასხურეთ მცენარეები. შესხურება გაიმეორეთ საჭიროების მიხედვით მავნებელის სრულ გაქრობამდე.

ბაბუაწვერა
© Flickr / Elia Scudiero
ბაბუაწვერა

3. მუხლუხების წინააღმდეგ - ბაბუაწვერას და ნივრის ნაყენი: 1 კგ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას დაასხით 10 ლ წყალი. დააყოვნეთ 2 დღე. შემდეგ დაამატეთ ერთი ჭიქა გატარებული ნიორი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გაწურეთ და შეასხურეთ მცენარეებს.

ამ ნაყენით მორწყვა საკმარისია 2-3-ჯერ, 1-2 დღის ინტერვალით. სრულად აქრობს ხვატარების და ფრთათეთრების კვალს. 

4. ჯვაროსანთა ბუგრების და ბაღლინჯოების წინააღმდეგ (აზიანებს კომბოსტოს, თალგამს, ბოლოკს და სხვა ჯვაროსნებს) - ამ შემთხვევაში გამოიყენება სხვა რეცეპტი: 10 ლ თბილ წყალში ჩაყარეთ დაფშვნილი ხის ნახშირი და დატოვეთ ერთი ღამე. მეორე დღეს ნახშირიან წყალს დაუმატეთ ერთი ჭიქა გაჭყლეტილი ნიორი. დააყოვნეთ ნახევარი საათი, გაწურეთ, ჩაახეხეთ და გახსენით მასში 1/4 ნაჭერი კუპრის საპონი.

პროფილაქტიკისთვის საკმარისია კვირაში ერთხელ მორწყვა, უკვე დაზიანებულ მცენარეს სჭირდება 2-3 დღეში, მავნებლის სრულ გაქრობამდე.

ნახშირი
ნახშირი

5. კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ - გამოიყენება ნივრის და ქრისტესისხლას ნაყენი: 5-6 თავი ნიორი გაურჩევლად დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1,5 კგ დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, დაფარეთ ეს მასა ცხელი წყლით და დააყოვნეთ 5-6 დღე. შემდეგ გაწურეთ და შეასხურეთ კარტოფილს და მის ქვემოთ მიწას. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. 

6. ბუგრების, რწყილების, ტკიპების, ბაღლინჯოების, ფსილების, ნაყოფჭამიების, ტყავფრთიანების (ყურბელები) და ნაყოფმსხმოიარე ხეების სხვა მავნებლების წინააღმდეგ - გამოიყენება ნივრის და აბზინდას (Artemisia absinthium) ნაყენი: ახალი მოწყვეტილი აბზინდა დააქუცმაცეთ (დაკეპეთ) და დაასხით სამჯერ მეტი რაოდენობის მზეზე გამთბარი წყალი. თავდახურული დააყოვნეთ 3 დღე. შემდეგ შეურიეთ 300 გ გატარებული ნიორი, გააჩერეთ 30-40 წუთი. ფერმენტირებული არომატული ელექსირი გაწურეთ და შეწამლეთ დაზიანებული ხეები, მარწყვი, ხენდრო და კენკროვნები. ამ უკანასკნელებს იცავს ცხვირგრძელებისგან.

მიაქციეთ ყურადღება! მებაღეობაში პროფილაქტიკა უფრო შედეგის მომტანი და ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა: მნიშვნელოვანია მავნებელ-დაავადებების დაფრთხობა, რომ ვერ შეძლონ მცენარეზე კვერცხების დადება. რადგან მცენარეებს უფრო მეტად სწორედ ლარვები (მუხლუხები) აზიანებს, რომლებიც იჩეკება ბუტკოს ნასკვებში დადებული კვერცხებიდან და აქვე გამოჩეკისთანავე იწყებენ ჭამას. მავნებლებისგან დასაცავად ეფექტურია ბუტონიზაციის ფაზაში (კოკრობისას) 4-5 დღიანი ინტერვალებით 3-4-ჯერადი შესხურება ყვავილების გაშლამდე.

ქრისტესისხლა
© Flickr / Mick Talbot
ქრისტესისხლა

გარდა მავნებლებისა, ნივრის ხსნარი ეფექტურად ებრძვის სოკოვან დაავადებებსაც

7. სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა - ძლიერი მოქმედების ფიტონციდებთან ერთად, რომლებიც აფრთხობს ბაღ-ბოსტნის მავნებლებს, ნიორი შეიცავს ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული მოქმედების ძვირფას შენაერთებს, და ეფექტურად ებრძვის სოკოვან დაავადებებს. ნივრის ნაყენი გამოიყენება ფიტოფტოროზის, ჟანგას, ქეცის, ბაქტერიოზის, ნაცრისფერი სიდამპლის და სხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის ნაყენი ეფექტურია სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და დაავადების ადრეულ სტადიებზე. თუ პროფილაქტიკური ღინისძიებები არ გაგიტარებიათ, ნაყენი მცენარეებს უნდა შეასხუროთ სოკოვანი ინფექციების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე. მასობრივად გავრცელებულ დაავადებას ნივრის ნაყენი ვეღარ ერევა და საჭიროა ქიმიური საშუალებების მიხმარება.

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ და პროფილაქტიკისთვის მზადდება ნივრის კონცენტრირებული ნაყენი: 0,5 კგ გატარებულ ნიორს დაასხით 5 ლ თბილი წყალი. თავდახურული გააჩერეთ ერთი საათით, გადაწურეთ და დარჩენილ მასას ისევ დაასხით 1 ლ თბილი წყალი. დააყოვნეთ კიდევ ერთი საათი, გადაწურეთ. ორივე ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ წყალი, შეავსეთ 10 ლიტრამდე. 1,5 ჭიქა ნაყენი გახსენით 10 ლ წყალში და შეასხურეთ  მცენარეს.

8. ჭიანჭველების დასაფრთხობად - ნივრის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი მასა არ გადაყაროთ, შემოულაგეთ ხის ძირებში და კენკროვნების ბუჩქებთან. შესანიშნავად აფრთხობს ჭიანჭველებს. კვლებზე ჭიანჭველების ბუდეების შემჩნევისას ნივრის ბურთულა დადეთ ბუდის თავზე. ჭიანჭველები იწყებენ ქაოსურ მოძრაობას, იღებენ კვერცხებს და ტოვებენ ადგილს.

ამავე ეფექტის მქონეა ყველასთვის კარგად ნაცნობი საჭმელი სოდა - მოაფრქვიეთ ჭიანჭველის ბუდეზე და დაელოდეთ.

სოდა
© photo: Sputnik / Evgenij Biyatov
სოდა

გარდა ნივრისა, მეტად ეფექტური მავნებელ-დაავადებების მიმართ არის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში, აბსოლუტურად უვნებელია გარემოსა და ადამიანისათვის და თქვენი ბოსტნეული და მწვანილიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ეს საშუალება გახლავთ მრავალმხრივი გამოყენების, ყველასათვის კარგად ცნობილი, დიასახლისების საყვარელი ნივთიერება - საჭმელი სოდა. ძვირადღირებულ შხამ-ქიმიკატებზე, თუ მათზე ხელი ყოველთვის არ მიგიწვდებათ, შინაურ პირობებში საჭმელი სოდა არანაკლებ ეფექტური და პრაქტიკულია. ებრძვის მავნებელ-დაავადებებს, სარეველებს და ჭიანჭველებსა და ლოქორებსაც კი.

1. ნაცარი და ნაცრისფერი სიდამპლე - სოდა ძვირადღირებული ფუნგიციდების იაფი და ეფექტური შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც მოკლე დროში აქრობს კენკროვანთა ბუჩქებზე (ხურტკმელი, მოცხარი, ჟოლო, მაყვალი) ნაცრის კვალს.

4 ს.კ. სოდა გახსენით 10 ლ წყალში და შეასხურეთ მცენარეებს 2-3-ჯერადად, 5-6 დღის ინტერვალით, ნაცრის თეთრი ნაფიფქის სრულ გაქრობამდე. უმჯობესია თუ შეასხურებთ საღამოს. მზის ჩასვლის შემდეგ.

ეს სხნარი ებრძვის კიტრის, პატისონის, ყაბაყის და გოგრის ნაცარსაც. მისი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ის არის, რომ აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვის და გარემოსათვის. ამიტომ დაავადებული მცენარეების წამლობა შეიძლება ინტენსიური ნაყოფმსხმოიარობის და სიმწიფის ფაზებშიც კი.

2. ფიტოფტოროზი - პომიდვრის ფიტოპტოროზი ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა, მნიშვნელოვნად აზიანებს მცენარეს და ამცირებს მოსავლიანობას. 3 ს.კ. სოდა გახსენით 10 ლ წყალში და დაიწყეთ შესხურება ჩითილების ღია გრუნტში გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ, 7-10 დღიანი ინტერვალით. ასეთი პრევენციული ღონისძიებების გატარებით თავიდან აიცილებთ ფიტოფტოროზს. სოდიანი წყლით შესხურებით იზრდება პომიდვრის შაქრიანობა.

3. კიტრის ულვაშების ნაადრევი გაყვითლება - კიტრის პირველი ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ შეაშველეთ ფესვისეული კვება სოდიანი ხსნარით (1 ს.კ. სოდა/10 ლ წყალზე, ისხმება 0,5 ლ ერთ ძირზე) დღე-გამოშვებით, 3-4 ჯერადად. ხსნარი უნდა შეიტანოთ აუცილებლად ნოტიო ნიადაგში. ახანგრძლივებს კიტრის ნაყოფმსხმოიარობას.

4. მუხლუხები - 5 ს.კ. სოდა 10 ლ წყალზე ეფექტურად ებრძვის ფოთლის მღრღნელ მავნებლებს, ხეხილზე მავნებლების პირველივე გამოჩენისთანავე კარგად შეწამლეთ ხის ვარჯი, 3-4 დღის ინტერვალით 2-3-ჯერადად.

5. კოლორადოს და სხვა ტკაცუნა ხოჭოების წინააღმდეგ - კარტოფილის დათესვისას თითოეულ ორმოში ჩაყარეთ 0,5 ჩ.კ. სოდა.  

6. ბუგრები, ცხვირგრძელები და სხვა მავნებლები - 10 ლ წყალში გახსენით 4 ს.კ. სოდა. შეასხურეთ მცენარეებს მზის ჩასვლის შემდეგ 3-4 დღიანი ინტერვალით 2-3 ჯერადად. შესხურება ანადგურებს ბოსტნეული კულტურების და კენკროვნების მავნებლებს. კენკროვნების შემთხვევაში შესხურება საჭიროა ბუტონიზაციის ფაზაში (კოკრების განვითარების ფაზა).

სოდა სუსტი ტუტეა, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია როგორც ადამიანის და შინაური ცხოველებისთვის, ისე ბოსტნეული კულტურების და გარემოსათვის. უმჯობესია ხსნარი მოამზადოთ პლასტმასის ჭურჭელში, რომელიც იქნება სუფთა, ნადების და ნალექის გარეშე. არ გამოიყენოთ +50°С მეტი ტემპერატურის წყალი. გაითვალისწინეთ, სოდის მოქმედება წყალში გახსნიდან 3 საათის შემდეგ მინიმუმამდე დადის, ამიტომ სამუშაო ხსნარი გამოიყენეთ მომზადებისთანავე.

და, ბოლოს, მცენარის ფოთლებზე სოდიანი ხსნარის დასაფიქსირებლად დაუმატეთ რამდენიმე კოვზი თხევადი საპონი.

მთავარი თემები