11:24 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ჩვენ და ბუნება
მოკლე ბმულის მიღება
ქართული სამზარეულო (30)
4035220

უდავოა, რომ სანელებლებს განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ სამზარეულოში. რა ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, რატომ იკმაზება ესა თუ ის კერძი სხვადასხვა სანელებლებით, რა თვისებების მატარებელია თითოეული მათგანი?

ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც არ იცნობს უცხო სუნელს.

იცით თუ არა, რომ ეს არაჩვეულებრივი ქართული სანელებელი მთელი რიგი სასარგებლო თვისებების მატარებელია?

მცენარე ულუმბო
მცენარე ულუმბო

მცენარე ულუმბო, იგივე უცხო სუნელი (ლათ.: Trigonella caerulea (L.)Ser.), ფართოდ გავრცელებული სახელებია: ჩამანი, შამბალა, ფერუნგრეკი, ხელბა. ინდოეთში გავრცელებულია როგორც „კარი“ (კურკუმასთან ნარევი). ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს უყვარდათ ულუმბოს თესლის ღეჭვა, სწორედ ამიტომ ამ მცენარეს „ფილოსოფოსების სამყურას“ უწოდებდნენ. პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა. სწორმდგომი, განტოტვილი ღეროებითა და სამფოთოლაკიანი ფოთლებით. ყვავილედი მტევანია, ცისფერი, ან ღია მოლურჯო-მოიისფრო ყვავილით. ნაყოფი პარკია. სანელებლად გამოიყენება ულუმბოს მძაფრი არომატის მქონე ხმელი თესლი, დაფქული სახით. დიდი რაოდენობით კუმარინის შემცველობის გამო აქვს სპეციფიკური, მძაფრი არომატი.

ულუმბო ყვავილობისას
ულუმბო ყვავილობისას

ულუმბოს სამშობლოა მცირე აზია. გავრცელებულია მთელ საქართველოში, კავკასიაში, აღმოსავლეთ და მცირე აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ველური ფორმით გვხვდება მხოლოდ კავკასიაში.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი უცხო სუნელის მნიშვნელობა ქართულ კულინარიაში, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ულუმბოს თესლი შეიცავს ისეთ ბიოქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა: ტანინები, საპონინები, ფიტოსტეროლები, ფლავონოიდები, უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, კაროტინოიდები, ფიტოსტერინები, ამინომჟავები, პოლისაქარიდები, ფოლის მჟავა, ვიტამინები: А, С, В1, В2, В3, В4, В9. თესლებში ასევე ჭარბადაა მინერალური ნივთიერებები K, Ca, Se, Mg, Fe, P, Mn, Na, Cu, Zn და სხვ.

 

ულუმბოს ყვავილი
ულუმბოს ყვავილი

ძლიერი სამკურნალო თვისებების გამო უცხო სუნელს ფართოდ იყენებდნენ ხალხურ მედინაში სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ როგორც ჩვენთან, ისე ძველ საბერძნეთში, ეგვიპტეში, უკრაინაში, ინდოეთში და აზიის ქვეყნებში. დღემდეა შემორჩენილი არაერთი რეცეპტი, რომლის მიხედვით დამზადებულ წამლებში წამყვანი ადგილი უცხო სუნელს უჭირავს. როგორც აღმოჩნდა, მცენარე დღემდე ძალიან პოპულარულია და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება მისი სელექცია. უფრო მეტიც, ულუმბო ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში ამერიკაში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში.

 

ულუმბოს კოკრები
ულუმბოს კოკრები

უსასრულოა დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობაც უცხო სუნელის ნაყენით არის შესაძლებელი: იცავს და აწესრიგებს ენდოკრინული, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი, იმუნური სისტემების მუშაობას. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. არეგულირებს ნივთიერებათა და ცხიმოვან ცვლას, ამცირებს არტერიულ წნევას. კანს, ფრჩხილებსა და თმებს ანიჭებს ჯანსაღ იერს. ააქტიურებს ტვინის მუშაობას. დევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, შლაკებს და მძიმე ლითონებს. აუმჯობესებს განწყობას, მხედველობას, ამცირებს სტრესს, უზრუნველყობს უჯრედების მომარაგებას ჟანგბადით და არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში. გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, სიცხის დამწევი, გამაჯანსაღებელი, მატონიზირებელი და ენერგიის აღმდგენი საშუალება. გამოიყენება ნაწლავური პარაზიტების, ტილების და ჩრჩილის წინააღმდეგ.

ულუმბო სიმწიფემდე
ულუმბო სიმწიფემდე

ჩამონათვალი უსასრულოა. ამ უნიკალურ მცენარეს უამრავი ნაშრომი, სტატია და წიგნი ეძღვნება. აზიის ქვეყნების ხალხურ მედიცინაში უცხო სუნელი ცნობილი იყო, როგორც ქალების მცენარე. ულუმბოს ნაყენი ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილებს, აძლიერებს ლაქტაციას, მშობიარობის შემდეგ ეხმარება ორგანიზმს ძალების აღდგენაში. ეფექტურია თმის დაავადებების სამკურნალოდ, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ზრდის დასაჩქარებლად.

საინტერესო ცნობებია შემონახული ულუმბოს ზეთის უნიკალური თვისებების შესახებ. აზიელები მას მაგიურ მცენარედაც მოიხსენიებდნენ. მცენარის ზეთს ფართოდ იყენებდნენ ჰარამხანებში, სხეულის სავსე ფორმების მისაღებად, რადგან ულუმბოს ზეთი ამკვრივებს მკერდის კანს და კორექტირებას უკეთებს მკერდის ფორმას. ნაყენი  იხმარებოდა ჭარბ წონასთან ბრძოლისას, თესლისგან დამზადებულ ფაფას ცელულიტის საწინააღმდეგოდაც კი იყენებდნენ.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მეცნიერებმა შეისწავლეს ულუმბოს მოქმედება ქალების ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ მცენარეში შემავალი ფიტოჰორმონები — ფიტოესტროგენები, ანტიანდროგენები, პროგესტერონი და კორტიკოსტეროიდები ეფექტურად ებრძვის ენდოკრინულ დაავადებებს, რომელთა მკურნალობა მცენარეული ჰორმონების შემცვლელი ნივთიერებებით დღითიდღე აქტუალური ხდება. ულუმბოსგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პოლიკისტოზის სამკურნალოდ. აფერხებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას სარძევე ჯირკვლების ქსოვილებში.

ქალის ორგანიზმის გარდა, ულუმბო დადებითად მოქმედებს მამაკაცების ორგანიზმზეც. იგი ძლიერი აფროდიზიაკია. მცენარის თესლში შემავალი საპონინები ხელს უწყობს მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას და 25%-ით ზრდის პოტენციას, ასტიმულირებს სპერმატოგენეზს, ზრდის სისხლის მიწოდებას მენჯის ღრუში.

სხვათა შორის, ფართოდ გავრცელებული აღმოსავლური, ან ეგვიპტური ყვითელი ჩაი — ხელბა, ეს სწორედ ულუმბოს ჩაია, არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც.

ასე რომ, ჩემთვის და, ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის საყვარელი სანელებელი — უცხო სუნელი არა მარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო თვისებების მქონეც ყოფილა.

შეაზავეთ კერძები უცხო სუნელით და იგრძენით ენერგიის მოზღვავება.

თემები:
ქართული სამზარეულო (30)

მთავარი თემები